KA
Meidan Bazaar

მეიდნის ბაზარი

მეიდანი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ცოცხლდება შორეული წარსული, თავისი მომხიბვლელობითა და ეგზოტიკურობით. თბილისის ეს უძველესი უბანი უხსოვარი დროიდან მთავარი ბაზრით იყო ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. რას არ ნახავდით აქ: სავაჭრო ქარავნებს აღმოსავლეთიდან თუ ხელოსნებისა და ოქრომჭედლების სახელოსნოებს. „საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც იყო და ბაზარიც, მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, რამდენიც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებსა და ევროპელებს“, - წერდა მეიდნის შესახებ ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1672-1673 წლებში იმყოფებოდა. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

„მეიდანი“ დღეს 

მართალია, დღეს მეიდნის ძველი ფარდულებიდან აღარაფერია შემორჩენილი, მაგრამ თანამედროვე „მეიდანი“ ახლაც ძველისა და ახლის სინთეზია. ეს არის გარემო, რომელიც ძველებური ნივთებით, ტრადიციული, ნაციონალური სასმლითა და კერძებით თქვენს თვალწინ აცოცხლებს ერთდროულად აწმყოსა და  წარსულს. აქედან ყველა მხარეს იშლება მშვენიერი ხედები - მტკვარი, მეტეხის ხიდი, მეტეხის ტაძარი. ამ ყველაფერს კი ზემოდან ნარიყალას ციხესიმაგრე გადმოჰყურებს. 

„მეიდან ბაზრის“ „სიურპრიზები“

„მეიდნის“ საგამოფენო გვირაბებში საინტერესო მოგზაურობა გელის. აქ ყოველი კუთხე თავის ისტორიას გიყვება: მეიდნის ბაზარში ქართული ღვინოების დიდი არჩევანია, აქვე იყიდება თიხის ქართული საღვინე ჭურჭელიც,  აგრეთვე, საუკეთესო ნაწარმის ქართული ჩაი. 

„მეიდან ბაზარი“ მომხმარებელს  ნატურალური და სასარგებლო პროდუქტების ფართო არჩევანსაც სთავაზობს, მათ შორის ნატურალურ თაფლს, ჩურჩხელას, სხვადასხვა სახის ჩირს, მურაბას. არჩევანი აქაც დიდია. 

თუ ხელოვნების მოყვარული ხარ, აქ თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებს გაეცნობი, აქვე შეგიძლია ქართველი ოქრომჭედლების ორიგინალური ნამუშევრების შეძენაც. „მეიდან ბაზარზე“ ქართული წარმოების თოჯინებსა და სხვა ხელნაკეთ სუვენირებსაც იპოვი. 

ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობიდან გამომდინარე, ძველი თბილისის ამ ნაწილში დღემდეა შემონახული ვერცხლის ქუჩა, ოქრომჭედლების ქუჩა, მღებავების ქუჩა, პურის მოედანი, ღვინის აღმართი და სხვა.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა