KA

ფრინველებზე დაკვირვება: დედოფლისწყაროს მიდამოები

დედოფლისწყარო პატარა ქალაქია საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. ის თბილისიდან 131 კილომეტრში მდებარეობს. აქედან მიდის გზები ჭაჭუნის აღკვეთილსა და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში. 
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
დედოფლისწყარო

გზა დედოფლისწყაროდან ჭაჭუნამდე

დედოფლისწყაროდან ჭაჭუნამდე მიმავალი 37-კილომეტრიანი გრუნტის გზა მრავალ საინტერესო შეხვედრას გპირდება. გზის გასწვრივ ბუჩქებსა და მიწაზე მრავალ პატარა ფრინველს ნახავ. შავთავა გრატას, ბუქნია მეღორღიას, მცირე და დიდ მოკლეთითა ტოროლებს, მდელოს მწყერჩიტასა და აქაურობის მრავალ სხვა ბინადარს მანამ შეხვდები, სანამ დანიშნულების ადგილზე ჩახვალ. 

ცაზე ყველგან დაინახავ მტაცებლებს: ორბს, ფასკუნჯს, ჩია არწივს, სვავს, ბექობის არწივს, მარჯანსა და გველიჭამია არწივს. ჭაჭუნა საქართველოსთვის იშვიათი გავაზის საბინადროცაა. პეიზაჟი იცვლება და სტეპები საკმლის ხის ნათელ კორომებს უთმობს ადგილს. წითელთავა ღაჟო, ჭოტი, წითელი იხვი... ამ ფრინველებს ძებნაც კი არ სჭირდება, ისინი ყველგან არიან.

„დალის მთის“ წყალსაცავი

დედოფლისწყაროდან 30 კილომეტრში „დალის მთის“ წყალსაცავია. მისი დამბიდან შეგიძლია ერთ მხარეს ივრის ჭალის ტყეს უყურო, დურბინდითა და ტელესკოპით სანატრელი დურაჯი და ქორცქვიტა ეძებო, მეორე თვალი კი წყლის სარკეზე გეჭიროს, რადგანაც იქაც მუდმივად რაღაც ხდება. 

თავად დამბაზე მიტოვებულ რკინის კოშკურაში ველის კირკიტების კოლონია ცხოვრობს. წყალსაცავზე თეთრკუდა არწივი ნადირობს თევზზე და მთელი გარემო სიცოცხლითაა სავსე. ეს მართლაც უნიკალური ბიომრავალფეროვნების ადგილია, სადაც, ფრინველთა პარალელურად, შეგიძლია ტურას, მგელს, გარეულ ღორს დააკვირდე. 

ცაში ტარბებისა და შოშიების უზარმაზარი გუნდები დაფრინავენ. აქაურ ველებზე შესაძლებელია იშვიათი თვალჭყეტიას ნახვა. ბუჩქნარებში წითელთვალა და აღმოსავლური ყვითელთვალა ასპუჭაკები ბუდობენ, ასევე ძნელად დასანახი ჩვეულებრივი ბულბულიც, რომლის გალობაც დილაობით ლამის ყველა ბუჩქიდან ისმის.

„ბერდვოჩერები“ აქედან გზას, როგორც წესი, ჭაჭუნის აღკვეთილისკენ აგრძელებენ. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა