KA

ფრინველებზე დაკვირვება: ვარძია და შემოგარენი

ისტორიული ძეგლების სიუხვისა და კულტურული მრავალფეროვნების გარდა, სამცხე-ჯავახეთი თავის ბუნებითა და ორნითოფაუნითაცაა საინტერესო. მეთორმეტე საუკუნის ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი და მისი შემოგარენი კი ფრინველზე დასაკვირვებელი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ვარძიის ფრინველები

თავად ვარძიის მონახულება (ასპინძიდან 30 კმ) დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, უნიკალური ისტორიული ძეგლიც დაათვალიეროს და ფრინველების ცხოვრებასაც ადევნოს თვალი. 

ვარძიის კლდეებზე ბუდობენ კლდისა და ქვიშის მერცხლები, კლდის ბეღურები, ყორნები, ფასკუნჯები. აქვე შეიძლება ულამაზესი  ლურჯი კლდის შაშვისა და კლდის გრატას ხილვა. ვარძიაში მუდამ გესმის კლდეცოციას სტვენა, ოღონდ ეს ადგილები საქართველოში ერთადერთია, სადაც ფართოდ გავრცელებულ მცირე კლდეცოციას გვერდით, მისი უფრო მოზრდილი თანამოძმე - დიდი კლდეცოცია ცხოვრობს. მათი გარჩევა იოლი არ არის, ამიტომ ნატურალისტებს ვარძიაში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

მტკვრის ხეობის ბინადრები

მტკვრის ხეობის ციცაბო კლდეებში, ვარძიის გარდა, უამრავი სხვა გამოქვაბულია, რომლებიც მტაცებელ ფრინველთა საბუდარი გამხდარა. აქაურ ცაში ხშირად ნახავ ფასკუნჯს, შავარდენს, კირკიტასა და არწივს. გამოქვაბულებში ცხოვრობს აქაური ღამის მბრძანებელი, კავკასიის ყველაზე დიდი ბუ - ზარნაშო.

მტკვრის ხეობაში მოგზაურობისას ფერადი კვირიონის არაერთ კოლონიას ნახავ. დღისით მდინარე მტკვრის გასწვრივ ბუჩქნარში ყველგან ისმის ფართოკუდა ლერწამას ძალიან თავისებური გალობა. აქაურობის ღამის მთავარი ხმა კი პაწაწინა ბუს - წყრომის მონოტონური ძახილია.

ვარძიის სიახლოვეს წუნდის ტბის ლელიანით დაფარული ნაპირები მცირე წყლის ბუღასა და წყლის ქათმის საბინადროა. მიგრაციის პერიოდში ამ პატარა ტბაზე მრავალი სხვადასხვა ფრინველი ისვენებს.

ვარძია და მისი შემოგარენი ის ადგილია, სადაც ფრინველებზე დამკვირვებელი ერთი დღით მაინც უნდა გაჩერდეს. მით უფრო, რომ ვარძიის მონასტრის სიახლოვეს რამდენიმე კარგი სასტუმრო და ბევრი საოჯახო სასტუმროა.  

ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო

ვარძიიდან 103 კმ-ში, ზღვის დონიდან 2182 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ზეკარის უღელტეხილი, რომელიც სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან აკავშირებს. იქითკენ მიმავალი გზა გადის აბასთუმანსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ულამაზეს ტყეებზე, სადაც, სხვა მრავალ ფრინველთან ერთად, შავთავა ხეცოციაც ბუდობს. 

საკუთრივ ზეკარის უღელტეხილის მიდამოებში საქართველოსთვის ძალიან იშვიათი კასპიური შურთხის მცირე, მაგრამ სტაბილური პოპულაცია ბინადრობს. თუკი ზეკარისკენ წასვლას გადაწყვეტ, ამას დამატებითი დღე დასჭირდება. შურთხის სანახავ ადგილებზე კი მანქანითაც მიხვალ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა