თელაველები ამაყობენ იმით, რომ სწორედ თელავშია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეფის - ერეკლე მეორის სასახლე. 1720 წელს აქ დაიბადა და 78 წლის ასაკში აქვე გარდაიცვალა მეფე, რომელიც ბრწყინვალე დიპლომატი და მხედართმთავარი იყო. მას თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს პიროვნებად მიიჩნევდნენ ევროპასა და აღმოსავლეთში. დღეს მეფის სასახლეში ისტორიული მუზეუმია განთავსებული მრავალი საინტერესო ექსპონატით.
თელავის ქუჩებში ერთმანეთს ენაცვლება ძველი აგურით ნაშენები აივნებიანი და ბანიანი სახლები, ისტორიული ძეგლები, ხეივნები და გასართობი პარკები.
თელავის ცენტრში ერთ-ერთი ლამაზი ქუჩა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელს ატარებს. ქუჩა გამორჩეულია არქიტექტურით; აქ დგას შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ძეგლი - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია;
წარმოუდგენელია, თელავს ესტუმრო და ქალაქის ცენტრში 900-წლიან ჭადართან ფოტო არ გადაიღო. ამ ხის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, თელაველები იმასაც გეტყვიან, რომ, თუ ხესთან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება.
საღამო კი ნადიკვარზე უნდა გაატარო - ასე უწოდებენ პარკს, რომელსაც სამი მხრიდან ტყე აკრავს და მთლიანად მწვანეშია ჩაფლული; აქ დგას ფანჩატურები, კაფე დიდი ტერასით და მოწყობილია საზაფხულო ამფითეატრი, ატრაქციონები.
თუ დრო გაქვს, აუცილებლად ჩადი წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად, სადაც XIX საუკუნის ქართული ფეოდალური არისტოკრატიის ცხოვრებას ნახავ. სასახლეს აქვს ულამაზესი ეზო ეგზოტიკური მცენარეებით და ისტორიული მარანი ღვინის უძველესი საგვარეულო კოლექციით. ამავე ტერიტორიაზეა ცნობილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Tsinandali Estate. აქ მოწყობილია მაღალი კლასის სივრცეები - საკონცერტო დარბაზი, რესტორანი, ღვინის სადეგუსტაციო სივრცე და სხვა.
თელავთან ახლოსაა იყალთოს მონასტერი - XI-XII საუკუნეების საქართველოს მთავარი განათლების კერა.
უმნიშვნელოვანესი ძეგლებია: ალავერდის მონასტერი, ძველი და ახალი შუამთა, ვანთის სასახლის კომპლექსი და კისისხევის ღვთისმშობლის ეკლესია.
თელავი საქართველოს „ღვინის გზის“ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, ამიტომ არ უნდა გამოგრჩეს და უნდა ესტუმრო საოჯახო და დიდი ქარხნების ღვინის მარნებს. ისინი ქალაქშიც შეგხვდება და თელავის რაიონის სოფლებშიც.
ზოგიერთ საოჯახო მარნებში შემოგთავაზებენ ღვინის დეგუსტაციას, ეროვნულ კერძებსა და კახურ სუფრას კახური ფოლკლორული მუსიკის ფონზე. შეგიძლია, ქართული სამზარეულოს მასტერკლასსაც დაესწრო. ღვინის დეგუსტაციისას მასპინძელი ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს გაგაცნობს, რომელსაც 8000-წლიანი ისტორია აქვს და “იუნესკოს” მიერ შეტანილია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, გაგიზიარებს თავის გამოცდილებას და მოგიყვება, რატომ არის საქართველო ვაზის სამშობლო.