KA

თიანეთი

თუ თიანეთში მოგზაურობას დაგეგმავ, შენი მარშრუტი ზღაპარს დაემსგავსება, რადგან მთიან საქართველოს იხილავ, შთამბეჭდავი პეიზაჟები კი შენს დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:40 სთ
ბათუმი
5:55 სთ
ქუთაისი
3:45 სთ

გზა თიანეთისკენ 

თიანეთი მაღალმთიანი რაიონია - ზღვის დონიდან 1000-3000 მეტრზე მდებარეობს. თბილისიდან ჩრდილოეთით როგორც კი დედაქალაქის ერთ-ერთ დიდ რაიონს - გლდანის მასივს გასცდები და აღმართებს შეუყვები, უკვე თიანეთისკენ მიდიხარ.

თიანეთის მიმართულებით რამდენიმე სხვა გზაც მიდის - ჟინვალიდან, საგურამოდან, კახეთიდან, მაგრამ გლდანის გზა ყველაზე ლამაზია - 8 კილომეტრი საბადურის ტყეზე უნდა გაიარო, რომელიც ყველა სეზონზე ულამაზესია წელში გამართული წიფლის, მუხისა და ცაცხვის ხეებით. 

მერე სოფელ ღულელებს გაივლი და შენ თვალწინ ერწოს ხეივანი ლარივით გაიჭიმება. ერთ აღმართსაც აივლი, საიდანაც სიონის ტბას გადახედავ და რამდენიმე წუთში თიანეთში ხარ - მთებით შემოჯარულ, მშვიდ, მწვანე ქალაქში. 

თიანეთის ღირსშესანიშნაობები

თიანეთში ჩასული ქალაქის ცენტრში კუჟანას ბაღში თუ გაისეირნებ და თიანელებს გამოელაპარაკები, დაუზარებლად მიგასწავლიან, სად რა უნდა ნახო. 

ცენტრშივეა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც გამოფენილია ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა - ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე.

თიანეთის ირგვლივ შუა საუკუნეების 100-ამდე ტაძარი და ციხესიმაგრეა. განსაკუთრებით ცნობილია ბოჭორმის ეკლესია, ბოდოჯის სასახლე და ჟალეთის ეკლესია; მარტო ერთ სოფელში - ნადოკრაში 5 ისტორიული ძეგლია და მათ შორისაა მეფე არჩილის VIII საუკუნის მონასტერი.   

თიანეთიდან აღმოსავლეთით, კახეთისკენ მიმავალ ულამაზეს გზაზე X-XI საუკუნეების კვეტერის ციხე-ქალაქი შეგხვდება. 

ბუნება

ხელუხლებელი ბუნების სანახავად თიანეთიდან ჩრდილოეთით, მდინარე ივრის ჭალას უნდა აუყვე. აქ ბევრი ადგილია სალაშქროდ.  

მდინარე ივრის 11 შენაკადი ულამაზეს ხევებს ქმნის; ტყეები სავსეა ხის სოკოთი და კენკროვანებით. იორი კი ყველაზე სუფთაა საქართველოს დიდ მდინარეებს შორის. მასში ბანაობაც შეიძლება და თევზიც ბევრია.  

თიანეთის ჩრდილოეთით ბოლო სოფელია ღორღა, აქედან ხელმარჯვნივ ალპური მინდვრებით მთათუშეთში გადადიხარ, ხელმარცხნივ კი ხევსურეთია.

ტრადიციული კერძები

თიანეთში აუცილებლად გასინჯე თიანური ხინკალი და დამბალხაჭო, ქართული სამზარეულოს განძი. ეს უკანასკნელი არის ობიანი ხაჭო განსაკუთრებული გემოთი და მომზადების ტექნიკით, რომელიც თითქმის ორი საუკუნეს ითვლის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა