KA

ლაგოდეხი

ლაგოდეხი კახეთის ერთი პატარა წალკოტია - ულამაზესი ბუნებისა და უდიდესი ისტორიის ქალაქი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს ერთნაირად ხიბლავს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
2:15 სთ
ბათუმი
7:25 სთ
ქუთაისი
5:30 სთ

სად მდებარეობს ლაგოდეხი

ლაგოდეხი თბილისიდან 162 კილომეტრშია. ქალაქი ალაზნის ველზეა გაშენებული, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის ნაპირებზე.  

ლაგოდეხის ისტორია

ლაგოდეხში ადამიანის ცხოვრება ათასწლეულებს ითვლის. ეს ტერიტორია ჯერ ჰერეთის ადრე ფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში შედიოდა, შემდეგ დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. უფრო გვიანდელ ხანაში ის რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, საბოლოოდ კი ერთიანი ფეოდალური საქართველოს ნაწილი გახდა, კახეთის სამეფოსთან ერთად. 

რას ნახავ ლაგოდეხში

ლაგოდეხში ნახავ ბრძოლაგამოვლილ ციხესიმაგრეებს - კაბალის ციხესიმაგრეს, მაჭის ციხეს და შუა საუკუნეების, გამორჩეული მხატვრობის ტაძრებს - წმ. თეოდორე ტირონის ეკლესიას, ხოშატიანის ღვთისმშობლის ტაძარს და თელას წმ. გიორგის ბაზილიკის ნანგრევებს.

ეს ლაგოდეხის ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია, უფრო მეტის გაგება ქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეგიძლია, სადაც დაცულია მასალები ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე.  

ამ ტერიტორიაზე შეიქმნა საქართველოს პირველი სახელმწიფო ნაკრძალი - ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც გამორჩეულია ბუნებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ფოთლოვანი ტყითა და ალპური ტბებით, გაშლილი სივრცეებითა და საოცარი ხედებით. 

აქ ყველაფერია ბუნებაში სეირნობისა და ლაშქრობისათვის. განსაკუთრებით პოპულარული სალაშქრო მარშრუტებია: მაჭის ციხე, სადაც საცხენოსნო ტურის მოწყობა შეიძლება, ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერები და, რაღა თქმა უნდა, შავი კლდეების ტბა, რომლის ირგვლივ ჭაობებსაც ნახავ, ალპურ მდელოებსაც, წიფლის, მუხის, არყის ტყეებსაც. ადვილი შესაძლებელია, აქ იშვიათ ფრინველებსა და ცხოველებსაც მოჰკრა თვალი.

ლაგოდეხი ცნობილია გოგირდიანი მინერალური წყლებითაც, რომლებიც სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა