მრავალეთნიკური ქალაქი ნინოწმინდა საქართველოს სამხრეთით, ხანჩალის ტბასთან, ზღვის დონიდან 1940 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მუნიციპალიტეტის უმეტესი ნაწილი უტყეოა, დაფარულია მთისა და მდელო-ველის მცენარეულობით. ტბების ირგვლივ, დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა.
ნინოწმინდაში მთიანეთის სტეპის მკაცრი ჰავაა. ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია, ზაფხული კი - ხანგრძლივი და გრილი. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა 10,6°C-ია, აგვისტოსი კი - 13,1°C.
ნინოწმინდა ქალაქად 1983 წელს გამოცხადდა. 1991 წლამდე მას ბოგდანოვკა ერქვა. ეს არის პატარა ქალაქი, სადაც დაახლოებით 6 000 მოსახლე ცხოვრობს.
ამ ადგილას ადამიანი ქვის ხანაში დასახლდა, რაზედაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები მეტყველებს. ნინოწმინდაში ბევრია ყორღანი, ნამოსახლარი და ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობა. აქ ნახავ აბულისა და შაორის ციკლოპურ სიმაგრეებს, რომლებიც შთამბეჭდავი დაგეგმვითა და მშენებლობის ტექნიკით ხასიათდება.
შუა საუკუნეებში აქ კარგად იყო განვითარებული კულტურა და ყოფა-ცხოვრება. ნინოწმინდაზე გადიოდა ერთ-ერთი ცენტრალური გზა, რომელიც ბიზანტიაში (შემდეგ - თურქეთში) იწყებოდა, გაივლიდა სომხეთს და აღმოსავლეთ საქართველოს უკავშირდებოდა.
2001 წლიდან ქალაქ ნინოწმინდაში ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი მოქმედებს. ქალაქში, აგრეთვე, მოქმედებს წმინდა სურბსარქისის სახელობის ეკლესია, რომელიც 1884 წელსაა აგებული.
ქალაქში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სახალხო თეატრი, რომლებიც ქალაქის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლშია განთავსებული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ულამაზესი ალპური ტბები: საღამო, მადათაფა და ხანჩალი.