კახეთის ეს პატარა ქალაქი, რომელიც გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთის კალთებზეა გაშენებული, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე მდებარეობს, საიდანაც შენ თვალწინ ალაზნის ველი - საქართველოს მევენახეობის მხარე გადაიშლება. სიღნაღის ტერიტორიაზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან დასახლებულა. ქალაქად კი ის XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა.
ქალაქის სახელწოდება სპარსულ ენაზე „თავშესაფარს“ ნიშნავს და ისტორიულად სწორედ აქ აფარებდა თავს მტრისგან შეწუხებული მოსახლეობა. ამას მოწმობს დღემდე თითქმის ხელუხლებლად შემორჩენილი ციხე-გალავანი, რომელიც ყველაზე დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობაა საქართველოში. სიღნაღის ციხე-გალავანი დღევანდელი სახით 1762 წელს კახეთის მეფე ერეკლე II-ის დროს აშენდა, რათა ქალაქი საიმედო ციტადელი ყოფილიყო როგორც ადგილობრივი, ისე მეზობლად მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის. გალავნის სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია, მთელ სიგრძეზე 6 ჭიშკარი და 23 კოშკია დატანებული, მათზე ახლომდებარე სოფლების სახელები აწერია. გალავნის ყველაზე დიდ კოშკში, რომელსაც „მეფის ბურჯი“ ეწოდება, ჩაშენებულია მცირე ზომის წმ. სტეფანეს ეკლესია. სწორედ ეს გალავანი იწვევს ქალაქში შესვლისას პირველ დიდ ემოციას - გალავანი, რომლის გადალახვა მტერმა ვერ შეძლო და ქალაქს „მიუწვდომლის“ სახელი დაუმკვიდრა.
2007 წელს სიღნაღს რესტავრაცია ჩაუტარდა, გაიხსნა სასტუმროები და ეს ქალაქი გამორჩეულ ტურისტულ ცენტრად გადაიქცა. მას დღეს ქალაქ-მუზეუმსაც კი უწოდებენ.
ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში, წითელი კრამიტით გადახურულ სახლებსა და მოჩუქურთმებულ აივნებს შორის ხეტიალისას ბევრ საინტერესო ადგილს გადააწყდები - არჩევანი მრავალფეროვანია და ყველანაირი გემოვნების სტუმარზეა გათვლილი.
ტრადიციული კახური ღვინის გასასინჯად შეგიძლია, ცენტრალურ გზაზე „ღვინის მუზეუმთან“ შეჩერდე. აქ, ღვინოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართული კერძები და კახური შოთის პურიც უნდა დააგემოვნო. თუ ეთნოგრაფიულ პარკში გაისეირნებ, ნახავ, როგორ აცხობენ შოთის პურს, როგორ ავლებენ ჩურჩხელას და ამ პროცესში, სურვილის შემთხვევაში, თავადაც მიიღებ მონაწილეობას.
ასეთი აქტივობები სიღნაღის უნიკალური სავიზიტო ბარათია და მათში მონაწილეობას ასევე ნებისმიერ საოჯახო სასტუმროსა და მარანში შემოგთავაზებენ.
ისტორიასა და ხელოვნებაზე შეყვარებულებს კი სიღნაღის ისტორიული მუზეუმი დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდება. აქ უნიკალური შესაძლებლობა მოგეცემა, მრავალ საინტერესო ექსპონატთან ერთად, გენიოსი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის ტილოებიც იხილო.
კულტურული ძეგლებიდან უდიდესი ეროვნული მნიშვნელობისაა: წმინდა ნინოს ბოდბის მონასტერი; ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ხირსის სამონასტრო კომპლექსი და სხვა.
სიღნაღს „სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ და შეყვარებულებისთვის აქ არა მხოლოდ რომანტიკული გარემო, არამედ სამუდამოდ ერთად ყოფნისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი - სიღნაღის რიტუალების სახლში დაქორწინება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლია, ხოლო საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
ფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის სიღნაღი მართლაც რომ სამოთხეა - ფერადი ქალაქი, ძველი ჭაღარა ციხე, მწვანე ბუნება, ალაზნის უკიდეგანო ველი, კავკასიონის თეთრი მწვერვალები და ირგვლივ კეთილი, ბედნიერი ადამიანები.