KA

ქარელი

ტბები, ჩანჩქერები, ტყეები, ციხეები და ეკლესია-მონასტრები - ყველაფერი, რაც მოგზაურს აინტერესებს, ქარელშია თავმოყრილი. ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ძეგლები აქ შიდა ქართლის გამორჩეულ ისტორიასა და ხასიათს გაჩვენებენ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:50 სთ
ბათუმი
5:00 სთ
ქუთაისი
2:50 სთ

სად მდებარეობს ქარელი

ქალაქი ქარელი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში  მდებარეობს, თბილისიდან 94 კილომეტრის დაშორებით.
ქალაქ ქარელის გარდა, მუნიციპალიტეტი 17 ტერიტორიულ ერთეულს აერთიანებს. აქედან ყველაზე ცნობილი ურბნისი, რუისი და აგარაა. ქარელში გაედინება მდინარეები: მტკვარი, ძამა, დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ ფრონეები. დღეს ქარელზე გადის ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალიც.  

ქარელის ისტორია 

როგორც საქალაქო ცენტრი, ქარელი პირველად XVI-XVII საუკუნეებში მოიხსენიება, თუმცა მისი ისტორია ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ამას არქეოლოგიური არტეფაქტები ადასტურებს. მათი 1300 ნიმუში ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.  

საქართველოს ამ ნაწილს უკავშირდება XII საუკუნის დასაწყისში გამართული რუის-ურბნისის კრება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ეკლესიის ცხოვრებაში. 

რას ნახავ ქარელში?

ბატეთის ტბაც საკმარისია იმის აღსაქმელად, რამდენად შთამბეჭდავია ამ მხარეში ბუნება. ბატეთი სარკესავით ირეკლავს გარშემო აზიდულ ტყეებს და ვიზიტორების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. 

ქარელის მუნიციპალიტეტშია წითელი ქვების ჩანჩქერი, აბუხალოს ჩანჩქერი, ბებნისის ტბა - ადგილები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ ლაშქრობებისა და პიკნიკების მოყვარულები. 

ყინწვისის მონასტერი შიდა ქართლის ერთ-ერთი მთავარი კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. ის ცნობილია ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ნიმუშებით, მათ შორის კი ყველაზე ღირსშესანიშნავი - ანგელოზის ფრესკით. ქარელშია ძამის ციხე, ზოვრეთის ულამაზესი მონასტერი, ციხე-დარბაზი, სამწევრისის ტაძარი და სხვა.

ეს ძეგლები ძამის ხეობის გეოგრაფიულ არეალშია მოქცეული. ეს არის ხეობა, რომელიც შექმნილია ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების შთაგონებით და უნიკალურია იმ აქტიური რელიგიური ცხოვრებით, რომლითაც XXI საუკუნის საქართველოში ცხოვრობს. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა