თუ ჩოხატაურს კვირა დღეს ეწვევი, აქაურობის გაცნობა ბაზრით უნდა დაიწყო, რომელიც მხოლოდ ამ დღეს იმართება. დახლები ყოველ სეზონზე სოფლის პროდუქტებითაა სავსე. აქ ოჯახის ყველს, რძეს, ნადუღსა და ხაჭოს ყიდიან; აგრეთვე, ფრინველსა და ცოცხალ საქონელს, ადგილობრივ თამბაქოს, ჩაის, თხილსა და სიმინდის უგემრიელეს ფქვილს; ბაზარში აკაციის, ცაცხვისა და წაბლის თაფლსაც შეხვდები. შემოდგომაზე კი აქაურობა საკუთარ ეზოებში მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით ივსება.
ჩოხატაურის ბაზარში ქვის კეცის შეძენაც შეგიძლია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელია და მას მხოლოდ ჩოხატაურის ორ სოფელში თლიან. ბაზარში გამორჩეულად მორთულ ქალებსაც შეხვდები, ისინი ზოტელები არიან - გურიაში ერთადერთი აჭარული სოფლის მცხოვრებნი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი განსაკუთრებით პოპულარული კურორტი მდებარეობს - ბახმარო და ნაბეღლავი.
ბახმაროს საუკუნეზე მეტია, კლიმატური კურორტის სტატუსი აქვს. ზამთარი კი, რომელიც აქ 6-7 თვეს გრძელდება, ზამთრის სპორტის ექსტრემალური სახეობების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ შეგიძლია გაუკვალავ თოვლში ისრიალო, თუმცა გაითვალისწინე, რომ გიდისა და გამოცდილი გამყოლის გარეშე სრიალი საკმაოდ სახიფათოა.
რაც შეეხება ნაბეღლავს, ის ბალნეოლოგიური კურორტია, დაბალი მთის ჰავითა და მინერალური წყლებით.
თუმცა ამ მთაგორიან ტერიტორიაზე კიდევ ბევრი სანახაობა დაგხვდება: ხელუხლებელი ბუნება, მდინარეების - ბახვისწყლის, სუფსისა და გუბაზეულის ხეობები; ასევე, მეფისწყაროს მთა, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე მდებარეობს; ალპური მდელოებით გარშემორტყმული ჯაჯის გამჭვირვალე ტბები და სხვა.
აღსანიშნავია სოფელ გორა-ბერეჟოულში არსებული დენდროლოგიური პარკი, სადაც XVII-XIX საუკუნეების სასახლეც კი დგას; ჩოხატაურის სოფლებში ბევრი უძველესი ციხესიმაგრე და ეკლესიაა. და თუ უძველესი ამბები გაინტერესებს, აქ უნიკალური ისტორიით მდიდარ მასალას ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შეხვდები.
საოჯახო სასტუმროებში მასპინძლები ჯანჯუხას, თაფლის არაყს, თხილს შემოგაგებებენ და შემდეგ სტუმარმასპინძლობის ისეთ მასტერკლასს ჩაგიტარებენ, არსად რომ არ გინახავს.
ჩოხატაურს ბევრი გამოჩენილი ადამიანი ჰყავდა და ჰყავს - მწერალი, პოეტი, მეცნიერი და ხელოვანი. აქ მათი სახლ-მუზეუმების დათვალიერებაც შეგიძლია.
მათ შორისაა გენიალური ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე, რომლის ნაწარმოებებიც თარგმნილია ბევრ ენაზე - ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, ესპანურად, რუსულად, უკრაინულად, იაპონურად, თურქულად, არაბულად… და მისი იუმორი ყველაზე უკეთ გაგაცნობს გურიას.