კურორტი ბახმარო ზღვის დონიდან უფრო მაღლაა, ვიდრე შვეიცარიის ცნობილი კურორტები - სან-მორიცი (1855 მ), აროზა (1800 მ.), დავოსი (1560 მ.) და ლეზენი (1263).
მართალია, ბახმარო მთის კურორტია - ის გურიაში, მესხეთის ქედზე მდებარეობს, მაგრამ აქ ყოფნისას ზღვის ჰაერსაც სუნთქავ - შავი ზღვა აქვე, დასავლეთით 50 კილომეტრშია. ამ მხარეს ბახმარო ღიაა და ზღვის ჰაერს წინ არაფერი ეღობება. ერთმანეთს შერწყმული ზღვისა და მთის ჰაერი კი ფილტვებს კურნავს და იმუნიტეტს აძლიერებს. ამიტომაც აქაურები გეტყვიან, თუ ბახმაროში ზაფხულის 21 დღეს გაატარებ, მთელი წელი ავად არ გახდებიო.
ეს ხალხის მოგონილი ამბავი არ არის. ბახმაროს ჰაერის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ 1892 წელს აღმოაჩინა ცნობილმა ადგილობრივმა ექიმმა არტემ დავიდიანცმა, პრაქტიკაშიც შეამოწმა და შემდეგ ხალხს ურჩია, ამ ადგილას სახლები აეშენებინა.
ბახმაროში ზაფხულის სეზონი ივნისიდან იწყება. ამ დროს აქ ამინდი მშრალია, საშუალო ტემპერატურა კი +12.5°C-ია, ამიტომ თბილი ტანსაცმელიც დაგჭირდება.
ზაფხულში აქ საოცარი გარემოა - ალპური მდელოები, ნაძვისა და სოჭის ძვირფასი მწვანე ტყე, გარშემო ჩამოწოლილი ნისლი და სიმწვანესა და ნისლში თითქოს ხელით ჩახატული ფერად-ფერადი პატარა ხის სახლები. ბახმაროში სახლებს ღობეები არ აქვს - აქაური ხალხი და აქაური სივრცე მუდამ ღიაა სტუმრისთვის.
თუ აქტიური დასვენება გიყვარს და ლაშქრობებს დაგეგმავ - ბახმაროდან რამდენიმე მიმართულებით არის ისეთი სალაშქრო ბილიკები, სადაც განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არ დაგჭირდება.
და კიდევ, თუ ბახმაროში ზაფხულში ახვალ, აუცილებლად უნდა გასინჯო იქაური ყაიმაღი - ეს აჭარული კერძია, რომელსაც რძის ნაღებისგან ამზადებენ.
ზამთარში ბახმაროში ყველაზე ცივი თვეები იანვარი და თებერვალია - ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა -5.5°C-ია. დიდი თოვლი მოდის, რომელიც თითქმის სრულად ფარავს ფერად სახლებს და გარშემო ყველაფერს. აქ იდეალური პირობებია ექსტრემალი მოთხილამურეებისთვის, თუმცა ბახმაროს ფაფუკი და ხელუხლებელი თოვლი მხოლოდ ექსტრემალებისთვის არ არის - იგუნდავებ, ციგებით ისრიალებ, საღამოობით კი, ოთახში რომ ღუმელი გიზგიზებს და გარეთ თეთრი სიმშვიდეა, უბრალოდ, ქალაქური რუტინისგან დაისვენებ.
ბახმარომდე ასფალტის გზა ადის, მაგრამ ზამთარში ბურანის ან თოვლის მანქანის ქირაობაც შეგიძლია - ეს უფრო უსაფრთხოც იქნება.
ბახმაროში საბაგირო არ არის და სწორედ ამით განსაკუთრებით საინტერესო ადგილია სკიტურის მოყვარულებისთვის. თუ მზად ხარ, რომ მთელი აღმართი ფეხით აიარო და მთის წვერიდან გაუკვალავ თოვლში დაეშვა, ამისთვის ზამთრის ბახმარო გელოდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში XIX საუკუნეში გაუკვალავ თოვლში სასიარულოდ სპეციალური ფორმის ფეხსაცმელი - ბანდულები ჰქონდათ, რომლებსაც მამაკაცები საკუთარი ხელით კერავდნენ.
ბახმაროდან ისე არ უნდა წამოხვიდე, მზის ამოსვლა „მზის ამოსავალზე“ და მზის ჩასვლა „მზის ჩასავალზე“ არ ნახო. „მზის ამოსავალს“ გადრეკილის მთას უწოდებენ, რომელიც ბახმაროს აღმოსავლეთით 4,5 კილომეტრშია; „მზის ჩასავალი“ კი კურორტის დასავლეთით 2 კილომეტრში მდებარე საყორნიის მთაა, საიდანაც ყველაზე ლამაზად ჩანს შავ ზღვაში ჩამავალი მზე.
ზაფხულის ბახმაროში კიდევ ერთი ტრადიცია აქვთ - სახალხო დოღი, რომელიც 19 აგვისტოს, ფერიცვალებაზე იმართება.