KA

წალენჯიხა

მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ეგრისის ქედი და მისი მისტიკური ტბები გამოჩნდა, წალენჯიხის სახელიც ბევრმა მოგზაურმა გაიგო. სწორედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტშია ლურჯ-ვერცხლისფრად მოლივლივე ტობავარჩხილი, მის გვერდით კი დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა, წაქწყარიშ ტობა და ოხოჯეს ტობა. თუმცა, სანამ ეგრისის ქედის ბილიკებს დაადგები, მანამ უამრავი სანახაობა სწორედ წალენჯიხაში გელის.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
5:20 სთ
ბათუმი
2:45 სთ
ქუთაისი
2:10 სთ

წალენჯიხის ისტორია

ამ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრება ქვის ხანიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება. 

წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხესიმაგრეები ადასტურებს. 

საინტერესოა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია (X-XIII) თავისი უნიკალური ფრესკებით. ინტერიერი სამეგრელოს მთავარ ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს მანელ ევგენიკოსს. ამ ეკლესიაში დაკრძალულია სამეგრელოს ყველაზე ცნობილი მთავარი ლევან II დადიანი (XVII) - ერთი მხრივ, უნიჭიერესი და, მეორე მხრივ, უსასტიკესი მმართველი. მის შესახებ წიგნიც აქვს დაწერილი იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის (Arcangelo Lamberti), რომელიც სწორედ  ლევან II დადიანის დროს ცხოვრობდა სამეგრელოში.

კურორტი სქური

წალენჯიხიდან 15 კილომეტრში ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტი სქური მდებარეობს, რომელიც ცნობილია ულამაზესი ხეობებითა და მინერალური წყლით. სქურის წყალი სასარგებლოა სახსრების, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემების დაავადებებისთვის. 

ლაშქრობის მოყვარულებისთვის 

წალენჯიხიდან იდეალური სალაშქრო ბილიკები მიდის ეგრისის ქედზე, ტობავარჩხილისკენ. ქედის ქვედა ზონა 1200 მ სიმაღლეზეა და მდიდარია ტყეებით, უფრო ზემოთ, 1900 მეტრიდან, ალპური მდელოებია. თუ გიდს გაიყოლებ, გზადაგზა აქაური ენდემური ფლორისა და ფაუნის შესახებაც მოგიყვება. 

ასევე ულამაზესია ინწირას ჩანჩქერი და მღვიმე, მაგანის კანიონი და ბარხას სამსართულიანი მღვიმე.

წალენჯიხის ერთ-ერთი საინტერესო სანახაობაა 12-ტონიანი მოქანავე ლოდი ქუაქანცალია, თან აქ 1902 მეტრ სიმაღლეზე ხარ, სადაც ტელეფონი არ იჭერს, ქვემოთ კი მდინარე მაგანა ხმაურობს. ეს ერთგვარი მისტიკა ნამდვილად არასოდეს დაგავიწყდება. ლაშქრობაში წასვლამდე კი წალენჯიხის ბაზარში შეგიძლია ნატურალური ხილ-ბოსტნეული შეიძინო და თან გაიყოლო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა