ნავენახევის მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევში მდებარეობს.
მღვიმემდე მისასვლელი ასფალტირებული გზის გავლა ნებისმიერი ტიპის მანქანით არის შესაძლებელი.
ნავენახევის მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს.
შესასვლელიდან 30 მეტრში მღვიმე ორად იყოფა. გასასვლელი ამოკეტილია 7 მეტრი სისქის სტალაგნატით. ნავენახევის მღვიმის სიგრძე დაახლოებით 210 მეტრია.
მღვიმე კეთილმოწყობილია და 4 დარბაზს მოიცავს: პირველ დარბაზს ქართველი სპელეოლოგების დარბაზს უწოდებენ, მეორეს - თიხნარის დარბაზს, მესამე საოცრებათა დარბაზის სახელწოდებითაა ცნობილი, მეოთხეს კი ოქროს ჩარდახი ჰქვია.
აქ არსებული ლამაზი ფორმის სტალაგმიტები, სტალაგნატები და სტალაქტიტები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
მღვიმის წყალი შეიცავს კალციუმის მარილებს, აქ არსებული კლიმატი დადებითად მოქმედებს ასთმის პრობლემის მქონე ადამიანებზე.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა მღვიმეში 14 გრადუსია.