ქუთაისიდან 70 კილომეტრში, ლეჩხუმში, ნისლში გახვეული სოფელი ქულბაქი შეგხვდება - ადგილი, რომელიც ბუნებაში დასვენებისა და თევზაობის მოყვარულებს შესაფერის გარემოს ჰპირდება.
ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მოგზაურებს ლამაზი ჩანჩქერებით, კანიონებით, მინერალური წყლებით, ალპური მდელოებით, ტბებითა და მისტიკური ხვამლის მთით იზიდავს.
სოფელ ქულბაქში, მდინარე ჯონოულის ხეობაში, ერთმანეთისგან სამასიოდე მეტრით დაშორებულ ორ ტბას ნახავ. ერთს მწვანე ტბას ეძახიან, მეორეს - ბაბუშკინოს ტბას. ეს უკანასკნელი შედარებით წყალნაკლულია და დროდადრო შრება ხოლმე. რაც შეეხება მწვანე ტბას, მას საინტერესო ისტორია აქვს.
წლების წინათ მწვანე ტბის ადგილზე დაჭაობებული მიწა იყო. ადგილობრივ ფერმერ კახა გასვიანს ბუნებისა და თევზაობის სიყვარულმა ჰობის აგრობიზნესად გადაქცევა გადააწყვეტინა. მან დაჭაობებულ ადგილზე ტბა დააგუბა, საკალმახე მეურნეობა მოაწყო და სასტუმროები ააშენა.
ამჟამად ქულბაქის მწვანე ტბა ტურისტების საყვარელი ადგილია. აქ მთაში ცხენით გაისეირნებ, ტბაზე კი - ნავებით. თუ თევზი გიყვარს, ადგილზე თევზაობას და უგემრიელესი კალმახის დაგემოვნებასაც შეძლებ.