ყვარლის ციხის მთავარი და გამორჩეული ამბავი, რომელსაც ადგილობრივები მოგიყვებიან, 1755 წლის ბრძოლაა, როცა კახეთს ავარების 20 000-იანი ჯარი შეესია. მტრის მიზანი ციხესიმაგრის აღება იყო, რაც ქვეყნისთვის „კარის ჩამოხსნას“ ნიშნავდა. თუმცა ქართველების სწორი სამხედრო სტრატეგიითა და თავდადებული ბრძოლით ციხესიმაგრემ მტრის შეტევები მოიგერია და ავართა ხანის გეგმა ჩაიშალა.
რიყის ქვით ნაგები ციხესიმაგრე კვადრატს წააგავს. შენობის გადახურვისა და გაფორმებისთვის გამოყენებულია ქართული აგური. ციხის გალავნის ოთხივე კუთხეში სამსართულიანი კოშკებია აღმართული, რომლებსაც როგორც საბრძოლო, ისე საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ. ციხის გალავნის ჩრდილოეთ კედელი ორიარუსიანია, დანარჩენები კი - სამიარუსიანი. აქ მოხვედრა კოშკებიდან იყო შესაძლებელი. კედლებში სათოფურებია დატანებული.
ყვარლის ციხე ერთ-ერთი უდიდესია კახეთის გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს შორის და როცა ამ გრანდიოზულ ნაგებობას ახლოდან იხილავ, თავად მიხვდები, რატომ იდგა ციხის აღებასა და ქვეყნის დაპყრობას შორის ტოლობის ნიშანი.