KA

ყვირილას ჩანჩქერი

რაჭაში მოგზაურობისას  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა შავრა არ გამოგრჩეს, საიდანაც გზა ულამაზეს ჩანჩქერამდე მიდის.  
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

შავრა მდინარე შარეულას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და ზღვის დონიდან 1100 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული. სოფელს გასცდები თუ არა, შენ თვალწინ ულამაზესი მინდვრები გადაიშლება, 2 კმ-ში კი უმშვენიერესი ჩანჩქერი ყვირილაა.     

ამ მინდვრებზე დაბანაკებაც შეიძლება. იქიდან ჩანჩქერამდე ფეხით მარტივად მიხვალ. გზა მოხრეშილია და ზაფხულში თითქმის ყველა ტიპის ავტომობილი შეძლებს გავლას. აქაურობა ზაფხულობით განსაკუთრებითაა დატვირთული ვიზიტორებით.  

ჩანჩქერი ყვირილა 7 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და პირდაპირ მდინარე შარეულაში ჩაედინება. ეს მდინარე ჯერ მდინარე ყვირილას, შემდეგ კი მდინარე რიონს უერთდება. ჩანჩქერის წყალი ისეთი კამკამაა, კენჭებს დაითვლი. თუ მასში ცურვის სურვილი გაგიჩნდება, ეს შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა გაითვალისწინო, რომ წყალი ძალიან ცივია. 

არანაკლებ ლამაზი სანახავია ჩანჩქერი ყვირილა ზამთარში. მაშინ, როცა ტემპერატურა მაქსიმალურად ეცემა, ჩანჩქერი ერთ დიდ ყინულის ლოდად იქცევა. ამ ლოდის შიგნით წყალი მოედინება და ზღაპრულ სანახაობას ქმნის.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა