KA

შავი ზღვის ჯაზფესტივალი

„შავი ზღვის ჯაზფესტივალი“ ბათუმში იმართება - ზღვისპირა ქალაქში ფესტივალი კლასიკური ჯაზის ფარგლებს სცდება და თავის გემოვნებიან მსმენელს საკურორტო განწყობის შესაბამის მუსიკას სთავაზობს.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

რატომ უნდა ეწვიო შავი ზღვის ჯაზფესტივალს?

„შავი ზღვის ჯაზფესტივალს“ კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“ ყოველ ზაფხულს აწყობს. 

პირველი ფესტივალი 2007 წელს გაიმართა. მას შემდეგ, სხვადასხვა დროს, ფესტივალის სცენაზე, ქართველ მუსიკოსებთან ერთად, არაერთი ლეგენდარული შემსრულებელი გამოვიდა: ლიზა სტენსფილდი (Lisa Stansfield), ჯორჯ კლინტონი (George Clinton), რობერტ პლანტი (Robert Plant), ელ ჯერო (Al Jarreau), სერჟიო მენდეზი (Sergio Mendes), ქუინსი ჯონსი (Quincy Jones), კრის ბრაუნი (Chris Brown), Jamiroquai, Kool & The Gang, სნუპ დოგი (Snoop Dogg) და სხვა. 

შავი ზღვის ჯაზფესტივალს, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კორტები მასპინძლობს და კონცერტები, საშუალოდ 3-4 დღე გრძელდება. ფესტივალის დღეებში მოუსმენ ჯაზს, სოულს, ბლუზს, ფანკს, ეისიდ-ჯაზს, რიტმ-ენდ-ბლუზს, ბრაზილიურ რიტმებსა და პოპს.

რა არის ჯაზი და რატომ უნდა მოუსმინო? - ამ კითხვას ჯაზის ისტორიაში ყველაზე დიდმა კაცმა ლუი არმსტრონგმა ასე უპასუხა: უნდა მოუსმინო და მერე გაიგო... აქ პირველი ჯაზანსამბლი XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, 60-იანი წლებიდან კი ჯაზს კინოთეატრებსა და კლუბებშიც უკრავდნენ.

ასე რომ, ყოველ ზაფხულს ბათუმის ზღვის სანაპიროზე “შავი ზღვის ჯაზფესტივალი”  გელოდება!

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა