„ოქროს ფონდი“ - VIII-XIX საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უნიკალური ნაკეთობები, შუა საუკუნეების მონეტები, თამარ მეფის ოქროს ჯვარი, მაცხოვრის უძველესი ხატი, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, მონუმენტური ფერწერისა და მოზაიკის, ქანდაკების, ხატწერისა და ხეზე კვეთის ნიმუშები - ეს ზოგადი ჩამონათვალია იმ ექსპონატებისა, რომლებიც სახვითი ხელოვნების მუზეუმში შეგიძლია ნახო.
აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქალაქ თბილისში, პუშკინის 2/4-ში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული. მუზეუმის ისტორიული შენობა 1835 წელს, იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით, შვეიცარიელმა არქიტექტორმა ჯუზეპე ბერნარდაციმ ააგო. ის გვიანი კლასიციზმის უიშვიათესი ნიმუშია და 2007 წელიდან უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს.
თავად მუზეუმი 1920 წელს დაფუძნდა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი განძთსაცავია, რომლის ექსპოზიცია დაახლოებით 140 ათას ექსპონატს მოიცავს. ვიზიტორთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის 152 ნახატისგან შემდგარი კოლექცია.
გენიოსი ქართველი მხატვრების გარდა, მუზეუმში შეგიძლია დატკბე ლუკას კრანახის, ჟან შარდენის, მიხეილ ვრუბელის, ივანე აივაზოვსკისა და სხვა გამორჩეული ხელოვანების ნამუშევრებითაც.