მუზეუმის ეზოში მდგარი კოხტა ოდასახლი მოჩუქურთმებული მოაჯირით შორიდან ნახატს ჰგავს, მის ირგვლივ კი გურიისთვის დამახასიათებელი გარემო გასაოცარი სიზუსტითაა გაცოცხლებული - სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია, ოდასახლი, მარანი და ჭა.
მუზეუმი ქართველი მწერლის, ქართული ლიტერატურის მკვლევრის შალვა რადიანის (1904-1977) სახელს ატარებს და 1985 წელს დაარსდა, 2009 წელს კი აქაური მიდამო ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მოეწყო.
დვაბზუს მუზეუმში გამოფენილია როგორც შალვა რადიანის პირადი ნივთები და ფოტოები, ისე უამრავი ეთნოგრაფიული მასალა: ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები. აქ ნახავ ისეთ ნივთებს, რომლებსაც მხოლოდ გურულები თუ იცნობენ: ოჯინჯალა, ჩეჩო, კარდალა, ხის საჩეჩელი, ორკოპე და სხვა.