KA
Shaori Lake

შაორის ტბა

რაჭაში, თოვლით დაფარული მწვერვალების, უღრანი ტყეებისა და ყვავილებით მოჩითული მდელოების გულში ხელოვნური წყალსაცავი მდებარეობს - შაორი, რომელიც გართობისა და დასვენებისთვის ზღაპრულ გარემოს შეგიქმნის.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
კურორტი
ნიკორწმინდა

შაორის გარშემო ხშირი ტყით დაფარული ნაქერალას ქედია. აქ ყველა სეზონზე შეგიძლია ამოხვიდე, თუმცა ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ლაჟვარდისფერი წყალი ტყიდან ყვითელს, მეწამულსა და ნარინჯისფერს ირეკლავს.

შაორის შემოგარენი დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილია. ტბა განსაკუთრებით ეკოტურიზმისა და თევზაობის მოყვარულებს იზიდავს. აქ კამკამა წყალში იცურავებ, ნავით ისეირნებ, ითევზავებ, ტყეში სოკოს, კენკრას დაკრეფ და ნაქერალას მწვერვალზე ლაშქრობას მოაწყობ.  

შაორის წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში უდიდესია. ის გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა და ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. წყალსაცავის მოცულობა 90 მილიონი კუბური მეტრია, სიგრძე - 7.1 კმ. მაქსიმალური სიგანე - 2.7 კმ. უდიდესი სიღრმე კი - 14.5 მეტრი. წყალსაცავს მდინარე შაორის სახელი ჰქვია, რომელიც მას წყლით ამარაგებს. 

შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა, სადაც შეგიძლიათ, ქართული ხუროთმოძღვრობის შედევრი, XI საუკუნეში აგებული ნიკორწმინდის ტაძარი ნახოთ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა