KA

ნიკორწმინდა

რატომ ნიკორწმინდა? იმიტომ, რომ აქ ბევრი თავბრუდამხვევი რამ გელის, რადგან რაჭა-ლეჩხუმის ეს სოფელი განსაკუთრებული ადგილია - კავკასიონის თეთრი მწვერვალები, ულამაზესი ტყეები და ბილიკები, კლდეები და გამოქვაბული და ბოლოს, ნიკორწმინდის ულამაზესი ტაძარი, რომელსაც გაოცებისა და აღფრთოვანების გარეშე ვერ დაათვალიერებ.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:25 სთ
ბათუმი
3:45 სთ
ქუთაისი
1:20 სთ

სად მდებარეობს ნიკორწმინდა?

სოფელი ნიკორწმინდა რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მუნიციპალურ ცენტრ ამბროლაურიდან სოფელი 16 კილომეტრითაა დაშორებული. 

ტაძარი ნიკორწმინდა

ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრი - ტაძარი ნიკორწმინდა 1010-1014 წლებში აიგო. იქიდან დღემდე ძეგლი დიდად არ შეცვლილა, ტაძრის გუმბათს პირვანდელი სახეც კი აქვს შენარჩუნებული. 

შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. აქ მრავალი ძვირფასი ხელნაწერი, ნაწილი და ნივთია.  აქ ასვენია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი.

ნიკორწმინდის შესახებ არაერთი მოგზაური თუ ისტორიკოსი წერდა. 2012 წელს ტაძარს  რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც მანამდე უცნობი ფრესკები აღმოაჩინეს.

კიდევ რას ნახავთ სოფლის მიდამოებში? 

ნიკორწმინდის სიახლოვეს, ტყის ბილიკს თუ გაჰყვები, საყინულის გამოქვაბულს გადააწყდები. კლდის თაღში წარმოქმნილი მღვიმე ზღაპრულ სამყაროში შეგიპატიჟებს სადაც მღვიმური ფორმების გარდა, ყინულის სვეტები დაგხვდება, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ნარჩუნდება. კლდეებიდან ჩამოდენილი წყალი წვეთობით იყინება და ყინულის ულამაზეს ლოლუებს ქმნის.

ნიკორწმინდის სიახლოვეს აუცილებლად უნდა მოინახულო კამკამა, მიწისქვეშა მდინარე შარეულა,  რომელიც პირდაპირ კლდიდან გამოედინება.

ხარისთვალას გზას თუ შეუყვები, ფართოფოთლოვან ნოტიო ტყეში მოხვდები, რომელიც  შაორის ტბას მიუყვება. აქ მუდამ სიგრილეა, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია შეისვენო, კარავი გაშალო და პიკნიკი მოაწყო. 

კარგად წახემსება სტუმართმოყვარე საქართველოში ყველგან შეგიძლია. რაჭაში განთქმულ ხვანჭკარას, ლობიანსა და რაჭულ ლორს აუცილებლად შემოგთავაზებენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა