KA

შაორის წყალსაცავი

თუ ლაშქრობები გხიბლავს და ულამაზეს ბუნებაში ცხენებით მოგზაურობა საინტერესოდ გეჩვენება, მაშინ შეგიძლია, შენი თავგადასავალი ქალაქ ონიდან 21 კილომეტრში მდებარე სოფელ შქმერიდან დაიწყო. თუმცა ამ გზის გავლას მაღალი გამავლობის მანქანით ან სულაც ფეხითაც შეძლებ. მთავარია, პრაქტიკული ფეხსაცმელი მოირგო და თან თბილი სამოსი წაიღო. სოფელ მრავალძალამდე სასმელი წყალიც დაგჭირდება, შაორის ირგვლივ კი ბევრ ანკარა წყაროს გადააწყდები.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

მოგზაურობის მარშრუტი

როდესაც მდინარე ხეორს გადაკვეთ და მთა ხიხათისკენ გაემართები, 6-7 კილომეტრში გზა მთისკენ გადაუხვევს. გადაივლი ხიხათას და ზღვის დონიდან 2239 მეტრზე არაამქვეყნიურ ღრუბლებში აღმოჩნდები. შენ წინ ულამაზესი ხედი გადაიშლება და თან გეოდეზიური ტრიანგულატორიც დაგხვდება.

მთის გადავლის შემდეგ მრავალძალში, ჭოლევის ტბასთან აღმოჩნდები, რომელსაც, გულის ფორმის გამო, „სიყვარულის ტბასაც“ ეძახიან. მრავალძალიდან გეზს ამბროლაურის მიმართულებით აიღებ, ამბროლაურის გავლის შემდეგ კი 7.1 კილომეტრზე გადაჭიმულ შაორის წყალსაცავსაც დაინახავ.  

რა დაგხვდება? - სანახაობები და აქტივობები

მრავალძალში ლამაზი რაჭული სახლები და არაჩვეულებრივი ხედები იშლება, კავკასიონიც კი მოჩანს აქედან. მრავალძალშია წმ. გიორგის სახელობის XI საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია ამავე საუკუნის წარწერებითა და მხატვრობის ფრაგმენტებით. 

ჭოლევის ტბასთან ულამაზესი ბუნება და საპიკნიკე ადგილები დაგხვდება. აქ თევზაობასაც შეძლებ, ისევე, როგორც შაორის ტბაზე. მიმდებარე ტყეში კი სოკოსაც უხვად გადააწყდები. თუ ფრინველებზე დაკვირვება გიყვარს, მაშინ ეს ადგილი აუცილებლად გაგაოცებს. 

შაორის სიახლოვეს კარსტულ მღვიმეებსა და 5-15 მ სიღრმის სხვავის საყინულეს ნახავ, რომელსაც ფსკერი მუდმივად თოვლით აქვს დაფარული. შაორი მიწისქვეშა წყლებითაც არის ცნობილი, რომელსაც ირგვლივ ბზა, შქერი, წიფლნარი, კავკასიური სოჭი და ფოთლოვანი ხეები აკრავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა