KA

შდუგრას ჩანჩქერი

სვანეთის მომაჯადოებელ ბუნებას საქართველოში ყველაზე დიდი და წყალუხვი შდუგრას - იგივე უშბის ჩანჩქერი კიდევ უფრო სრულყოფილს ხდის, ამიტომ ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმრო.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

სად მდებარეობს შდუგრას ჩანჩქერი?

შდუგრას ჩანჩქერი სოფელ მაზერთან, ბეჩოს თემში, მდინარე დოლრას მარცხენა შენაკადზე მდებარეობს. ჩანჩქერის ძირამდე მისასვლელად დაახლოებით 3 კმ-ის გავლა მოგიწევს, მაგრამ, თუ ჩანჩქერის თავზე მოქცევას გადაწყვეტ, კიდევ 3 კმ უნდა გაიარო. შდუგრას ჩანჩქერის სიმაღლე თითქმის 120 მეტრია.  

ბილიკი, რომელიც შდუგრასთან მიგიყვანს, სოფელ მაზერში იწყება. ჯერ მინდვრებს გაივლი, შემდეგ - ულამაზეს წიწვოვან ტყეებს, მდინარეზე გადასვლაც მოგიწევს, მაგრამ ბილიკი კარგადაა მარკირებული და გზა არ დაგეკარგება. 

ბუნება, რომელიც შდუგრას ჩანჩქერზე დაგხვდება

შდუგრას ჩანჩქერი ცისარტყელას ფერებში ლივლივებს და ისეთი მოძრავია, რომ საწვიმრის გარეშე მის სიახლოვეს შხეფებისგან დასველდები. თუ აქ ზაფხულში ამოხვალ, ყინულივით ცივ, ცისარტყელას ფერებით აელვარებული ჩანჩქერის წყალში ბანაობასაც შეძლებ, ამის გარდა კი, ულამაზესი ბუნებით ტკბობისას მიღებული შთაბეჭდილებები არასოდეს დაგავიწყდება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა