KA
Shkhara Peak

შხარას მწვერვალი

შხარა კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უმაღლესი მწვერვალია. ის ზემო სვანეთში, ზღვის დონიდან 5203 მეტრ სიმაღლეზე, ცენტრალური კავკასიონის ყველაზე მაღალ მონაკვეთზე - ხალდეს (ბეზენგის) კედელზე მდებარეობს და გრანიტისა და კრისტალოვანი ფიქლისგან შედგება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

რით არის შხარა უნიკალური?

„შხარა“ სვანურად „ცხრას“ ნიშნავს და სწორედ ამდენივე მწვერვალია შხარაზე. ამის გამო, მას ცხრათავიან მწვერვალსაც უწოდებენ და ქართული ზღაპრების მთავარ პერსონაჟთან - ცხრათავიან დევთან აიგივებენ. ეს ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი მეტაფორაა, თუმცა დათოვლილი მწვერვალებისა და მთის ფერდობებს შეფენილი სვანური კოშკების ზღაპრული ხედების ნახვისას შეიძლება, ცხრათავიანი დევის არსებობაც კი დაიჯერო.

როდესაც დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე - ევერესტზე პირველი წარმატებული ექსპედიციის მეთაურმა ჯონ ჰანტმა შხარა იხილა, მას პატარა ჰიმალაი უწოდა, ამერიკის ალპინისტურმა ჟურნალმა კი მწვერვალს ევროპაში პირველობა მიანიჭა. 2018 წელს ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საქართველო ალპების საუკეთესო ალტერნატივად გამოაცხადა და არგუმენტად სწორედ სვანური კოშკები და შხარის მყინვარი დაასახელა. ბრიტანული Independent-ისთვის კი შხარა ალპებზე უკეთესია, რადგან ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე 386 მეტრით მაღალია. 

მარადიულ თოვლსა და ყინულში გახვეული შხარა იმდენად ლამაზია, რომ, ასვლის სირთულეების მიუხედავად, სულ უფრო მეტ მთამსვლელს იზიდავს. თუმცა ძალიან მცირეა იმ ალპინისტთა რიცხვი, რომლებმაც შხარის დალაშქვრა შეძლეს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა