KA

სკიტური უშგულში: კარეტას უღელტეხილი

ამ მარშრუტზე წასასვლელად გაუკვალავ თოვლში სრიალის კარგი გამოცდილებაა საჭირო. თუმცა, ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ გარემოს ახასიათებს, კარეტის უღელტეხილის სკიტური როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა მოთხილამურეებმა სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სოფელი
უშგული

ადგილმდებარეობა

უშგული ქალაქ მესტიიდან 42 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მწვერვალ შხარის ძირში, ენგურის სათავეებთან მდებარეობს. ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი და სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. 

ზამთარი აქ საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივია. უშგულის თემი სვანური კოშკების სიუხვით გამოირჩევა. ამის გამო, მისი ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. 

კარეტის უღელტეხილი

კარეტის უღელტეხილი უშგულის ჩრდილოეთით მდებარეობს, ზღვის დონიდან 3524 მეტრ სიმაღლეზე. მარშრუტი სოფელ ჟიბიანიდან იწყება, საიდანაც ენგურის ხეობის მიმართულებით 2 კილომეტრია. შემდეგ ვიწყებთ ვერტიკალურ სვლას უღელტეხილისკენ. ასავლელი ვერტიკალი 1324 მეტრია. 

უღელტეხილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ექსპოზიციაზე ვეშვებით. ეს ქმნის შესაძლებლობას, აქ გვიან გაზაფხულზეც კი ვისრიალოთ. სრიალი იმავე ადგილას სრულდება, საიდანაც ვერტიკალური სვლა დავიწყეთ. 

კარეტის უღელტეხილიდან შხარის მასივის ხედი იშლება. 

რა უნდა გაითვალისწინო 

გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, მნიშვნელოვანია რომ სრულყოფილი აღჭურვილობა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები.

სკიტურებისთვის კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. თუკი ამ თვალსაზრისით მთლად გამართულად ვერ ხარ, მინიმუმ, ორკვირიანი მომზადება დაგჭირდება. დახმარებას ამაშიც ადგილობრივი სერტიფიცირებული სპეციალისტები გაგიწევენ.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა