KA
2024-12-09T15:26:37.000000Z
რატომ არის საქართველო მიმზიდველი ციფრული მომთაბარეებისთვის?

რატომ არის საქართველო მიმზიდველი ციფრული მომთაბარეებისთვის?

წარმოიდგინე, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც ერთდროულად ევროპული და აზიურია, სადაც საცხოვრებელი ხარჯები დაბალია, ადამიანები სტუმართმოყვარეები არიან, ბუნება შთამბეჭდავია, ღვინო კი ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ დედამიწაზე - ასეთი ადგილია საქართველო.
სარჩევი

ქვეყანა სწრაფად ვითარდება და მსოფლიოს ციფრულ რუკაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს. საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი თანდათანობით უფრო და უფრო საინტერესო ხდება ციფრული მომთაბარეებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიების დახმარებით ასრულებენ თავიანთ საქმეს, მუშაობენ დისტანციურად და ცხოვრობენ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

ციფრული მომთაბარეობის, როგორც ცხოვრების სტილის, გავრცელებას ტექნოლოგიების განვითარებამ შეუწყო ხელი. დღეს ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან ციფრული მომთაბარეა და თავად ირჩევს, სად იცხოვროს და საიდან იმუშაოს. ასეთ არჩევანში ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველო - ქვეყანა, რომელიც უფრო და უფრო მეტად იზიდავს თავგადასავლების მაძიებელ ციფრულ მომთაბარეებს. 
და მაინც, რატომაა საქართველო მიმზიდველი დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის?

1 - ლიბერალური სავიზო პოლიტიკა

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველო ციფრული მომთაბარეებისთვის მიმზიდველი ადგილია, საზღვრის კვეთისა და ქვეყანაში დარჩენის მარტივი პროცედურაა. უფრო ზუსტად, მსოფლიოს 98 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთი წლის ვადით უვიზოდ დარჩენა შეუძლია. გარდა ამისა, განსაზღვრულია 50 ქვეყანა, რომლის მოქალაქეს, თუ მას ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა აქვს, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეუძლია. ამ ქვეყნების ჩამონათვალი ან ინფორმაცია ვიზის საჭიროების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა სამგზავრო დოკუმენტითა და პირადობის მოწმობით შეუძლიათ.

საქართველოში განსაკუთრებით აქტუალურია ციფრული ეკოსისტემის განვითარება და ამ კუთხით არაერთი პროექტი ჩატარებულა. მათ შორის იყო სახელმწიფო პროგრამა „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც  დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს საქართველოში იწვევდა. ეს პროგრამა განსაკუთრებით აქტუალური იყო პანდემიის პირობებში, როცა საქართველო ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად მიიჩნეოდა. პროგრამის ფარგლებში ასობით ციფრული მომთაბარე ესტუმრა ქვეყანას, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ამ მიმართულების განვითარება და ადგილობრივი მომთაბარე საზოგადოების გაძლიერება. 

2 - დაბალი საცხოვრებელი ხარჯები და გადასახადები და უსაფრთხოების მაღალი დონე

2021 წლის მონაცემებით, საქართველო საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით ყველაზე იაფი ქვეყნების სიაში მე-7 ადგილზეა. ხარჯები მოიცავს კომუნალურ გადასახადებს, სურსათს, ტრანსპორტსა და სხვა საბაზისო საჭიროებებს. ამასთანავე, ციფრული მომთაბარეებიც აღნიშნავენ, რომ საქართველო მათი „პროფესიის“ ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა, რადგან, ევროპულ ქვეყნებთან ან ამერიკასთან შედარებით, დაბალია ბინის ქირა, იაფია სურსათი, სასმელი და სხვა. მომთაბარეები იმასაც აღნიშნავენ, რომ თბილისში არჩევანი დიდია და ყველანაირი გემოვნების ან ბიუჯეტის მქონე ადამიანი შეძლებს ცხოვრებასა და მუშაობას. 

რაც შეეხება გადასახადებს, როგორც ადგილობრივების შემთხვევაში, უცხოურ კომპანიაში მომუშავე ციფრულ მომთაბარეებსაც შემოსავლის 20% ებეგრებათ. თუმცა ინდმეწარმეებად დარეგისტრირებული პირები შემოსავლის 1%-ს იხდიან. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსა და 57 ქვეყანას შორის მოქმედებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები, რაც საშუალებას აძლევს უცხოელებს, გადასახადები რეზიდენტობის ქვეყანაში გადაიხადონ, ან იქ, სადაც შემოსავალი მიიღეს.

მსოფლიო ბანკის თანახმად, 190 ქვეყანას შორის საქართველო მეშვიდე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით, ხოლო მეორე ადგილზე - ბიზნესის დაწყების სიმარტივით, რაც კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ირჩევენ ციფრული მომთაბარეები საქართველოს.

დაბალი გადასახადებისა და ბიზნესის წარმოების სიმარტივის გარდა, საქართველო სწრაფი განვითარებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მიმზიდველია. მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2021 წლის მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსში საქართველო 117 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა და უსწრებს მეზობელ ქვეყნებს. ამ ინდექსში შეფასებულია ქვეყნების ბიზნესგარემო, უსაფრთხოება, შრომითი ბაზარი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დონე და სხვა ინდიკატორები. გლობალური მშვიდობის ინდექსის თანახმად კი, საქართველო საშუალო დონის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

3 - მრავალფეროვანი სივრცეები დისტანციურად მუშაობისთვის

ციფრული მომთაბარეებისთვის თბილისი განსაკუთრებით საინტერესო ქალაქია, რადგან აქ ათობით საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც დისტანციურად მომუშავე ადამიანების საჭიროებებზეა მორგებული. ამ სივრცეებში შესასვლელად ხელმისაწვდომია ყოველდღიური საშვები, კვირის ან თვის აბონემენტები. 

საერთო სამუშაო სივრცეებიდან განსაკუთრებით პოპულარულია ტერმინალი, რომელიც დახვეწილ გარემოს, საკონფერენციო დარბაზებს, შეხვედრების ოთახებს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას, მაღალსიჩქარიან ინტერნეტსა და სხვა საჭირო ინვენტარს ახვედრებს სტუმრებს. ტერმინალის ფილიალები თბილისში - რამდენიმე მისამართზე, ბათუმის ტერმინალი კი ახმეტელის ქუჩაზე მდებარეობს.

კიდევ ერთი საინტერესო სივრცე, სადაც ციფრული მომთაბარეები მუშაობას ირჩევენ, არის Impact Hub Tbilisi, რომელიც ნინოშვილის ქუჩაზე, ფაბრიკაში მდებარეობს. აქ შეხვდებით როგორც ინდივიდუალურ მაგიდებს, ისე სამუშაო სივრცეებს დიდი გუნდებისთვის. თანაც Impact Hub Tbilisi-ში მუშაობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ტექნოლოგიებთან მეგობრული ადამიანებისთვის შეიქმნა Episode Hotel, რომელიც აერთიანებს საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო ოთახებს და მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებსა და პროგრამებს, რომლებიც სტუმრებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად, ციფრულად მიიღონ საჭირო სერვისები.

ისინი კი, ვისაც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, ბუნებასთან ახლოს მუშაობა სურთ, ტექნოპარკს უნდა ეწვიონ, რომელიც ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩაზე მდებარეობს და სტარტაპერებს, დეველოპერებს, დიზაინერებსა თუ ფრილანსერებს მაღალტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას ახვედრებს. აღსანიშნავია, რომ ტექნოპარკს ბათუმში და ზუგდიდშიც აქვს ფილიალი.

რაღა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია საინტერესო სამუშაო სივრცეებისა. ასე რომ, მომთაბარეობა ქალაქის შიგნითაც შესაძლებელია. თანაც, საერთო სამუშაო სივრცეების გარდა, თბილისის ყველა უბანშია ერთი კაფე მაინც, სადაც ლეპტოპით სასიამოვნო, წყნარ გარემოში მუშაობის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ეძლევა.

4 - მდიდარი ბუნება და მოგზაურობის უსასრულო შესაძლებლობები

ციფრული მომთაბარეობის ხიბლი მოგზაურობაა. საქართველო კი ამ კუთხით განსაკუთრებით ბევრ შესაძლებლობას იძლევა. თუ ერთ დღეს ზღვისპირა კურორტიდან იმუშავებ, მეორე დღეს შეგიძლია მთებში იპოვო თავისუფლება, მოინახულო დაცული ტერიტორიები, მღვიმეები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისტორიული ციხესიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები, ტყეები, ტბები და ბუნების სხვა საოცრებები. 

მოგზაურობის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი იაფი ქვეყანაა. მეტწილად იაფია საზოგადოებრივი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და ტაქსი, ქალაქების შიგნით გადასაადგილებლად კი ხელმისაწვდომია ელექტროსკუტერები, ველოსიპედები და მოპედები. 

გასათვალისწინებელია, რომ თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, თუმცა მაღალ მთებში და გარკვეულ ადგილებზე ზოგიერთი ქსელის მიღება ფერხდება, ამიტომ მომთაბარეები დიდხნიანი მოგზაურობის დაგეგმვისას ან საცხოვრებლის შეცვლისას ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ.

5 - მრავალფეროვანი აქტივობები

თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარება აქ ყოველთვის შესაძლებელია. საგულისხმოა ისიც, რომ ბევრი აქტივობისთვის ფული საჭირო საერთოდ არაა. 

თბილისი ცნობილია გამორჩეული კლუბებით, ბარებითა და კაფეებით. ქალაქში, რომელიც არაერთხელ მოიხსენიეს ახალ ბერლინად, ღამის ცხოვრება განსაკუთრებით საინტერესო და მიმზიდველია. კლუბები - „ბასიანი“, „ხიდი“, „მტკვარზე“ და სხვები ევროპულ ცნობილ კლუბებსაც უწევენ კონკურენციას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 

ნებისმიერი გემოვნების, შემოსავლისა და ინტერესების მქონე ადამიანი ნახავს აქ გასართობს. მაგალითისთვის:

თბილისის აბანოები მთავარი მიზეზია, რის გამოც ეს ქალაქი დაარსდა, შესაბამისად, აქ მცხოვრებმა ერთხელ მაინც უნდა გამოცადოს ეს სასიამოვნო, დამამშვიდებელი და გამაჯანსაღებელი პროცედურა. აბანოთუბანში რამდენიმე განსხვავებულ აბანოს შეხვდები, მათი ფასები, საშუალოდ, 70 ლარია და აქ, განტვირთვის გარდა, მკურნალობაც შესაძლებელია. ყველაზე ცნობილი აბანოებია: ჭრელი აბანო, გულოს აბანო და ორბელიანის აბანო. 

მუზეუმები და გალერეები თბილისში თუ მის გარეთ ნამდვილად შთამბეჭდავ, დაუვიწყარ მოგონებებს შეგიქმნის. ეს საუკეთესო გზაა, ახლოს გაიცნო ქართული კულტურა და ყოფა. ეროვნული მუზეუმი, გალერეა, ხელოვნების სასახლე, ილუზიების მუზეუმი მხოლოდ ნაწილია იმ გასაოცარი ადგილებისა, სადაც ყველაზე ღირებული და საინტერესო ნამუშევრები და ნივთები ინახება. 

ღია ბაზრობები საუკეთესო ადგილებია ვინტაჟური, იშვიათი, სახასიათო ნივთების, ტანსაცმელებისა თუ ხელოვნების ნიმუშების აღმოსაჩენად. განსაკუთრებით პოპულარული, ამ კუთხით, მშრალი ხიდია თბილისში, სადაც ყველაზე საინტერესო, ძველ, უცნაურ, პრაქტიკულ და დასამახსოვრებელ ნივთებს ყიდიან. ბაზრობები პერიოდულად იმართება თბილისის სხვადასხვა ადგილას თუ სხვა ქალაქებშიც. საინტერესო, ხმაურიანი და სახალისოა საახალწლო ბაზრობებიც, რომლებსაც თბილისისა და სხვა ქალაქების ცენტრებში გადააწყდები.

დაბოლოს, ლაშქრობის, თხილამურებით სრიალის, ცურვის, ვარჯიშის, თამაშების, თეატრალური წარმოდგენების, პიკნიკების, შეხვედრების, ახალი ადამიანების გაცნობისა თუ ასობით სხვა მიზეზით საქართველო საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ იცხოვრო, იმუშაო და შეიყვარო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა