KA

ცხენოსნობა თუშეთში

ვისაც თუშეთი უნახავს, გეტყვის, რომ საქართველოს ეს მხარე სამოთხეა დედამიწაზე თავისი ხელუხლებელი ბუნებით, დიდებული მწვერვალებითა და ისტორიული სოფლებით. თუშეთი მთლიანად დაცულ ტერიტორიადაა გამოცხადებული და ის ევროპის ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიად მიიჩნევა. თუშეთი ზღვის დონიდან 900-4800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მთის მოყვარულებს ენით გამოუთქმელ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. თუშეთში ძალიან საინტერესოა ცხენებით ლაშქრობა. თუშური ცხენით ამ მთიან მხარეს უსაფრთხოდ მოივლი და თანაც მოგზაურობა ბევრად უფრო ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იქნება.
რეგიონი
კახეთი
სოფელი
ომალო

თუშური ჯიშის ცხენები

თუშური ცხენი ერთ-ერთი უძველესი ქართული ჯიშია, გამოირჩევა ამტანობით,  კარგი ორიენტაციით, გამბედაობით, სიფრთხილითა და მსუბუქი ნაბიჯებით, რაც აუცილებელია მთაში მოძრაობისთვის.

ის შედარებით მომცრო ტანისაა, მაგრამ შეუძლია 100-120 კგ ტვირთი ზიდოს და ამ ტვირთით მთის ბილიკებზე 12 საათში დაახლოებით 100-120 კილომეტრი გაიაროს. ასეთ დატვირთვას ის 25 წლის ასაკშიც კი უძლებს.

თუშური ცხენი დასაჯდომადაც შეუდარებელია, განსაკუთრებით ფასობს თოხარიკი ცხენი (თოხარიკი - მარდად და კოხტად სვლა), რომელიც ხშირად გვხვდება ამ სახეობაში.

საუკუნეების განმავლობაში თუშები მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათთვის მთავარი ტრანსპორტი ცხენი იყო. მთიდან ბარში სოფლის ნობათი ჩამოჰქონდათ, იქიდან კი მთაში პროდუქტი აჰქონდათ. ამ რუტინამ თუშურ ცხენს ხასიათი გამოუმუშავა. ტვირთითაც კი მთის ბილიკებზე შესანიშნავად შეუძლია წონასწორობის დაცვა, ფეხი არ დაუცურდება, არ დაგორდება და ა.შ. 

მეცხვარეების სადგომებთან მანქანა დღესაც არ მიდის, ამიტომ სატრანსპორტო გზასა და ბანაკს შორის ბარგს დღესაც ცხენებით დაატარებენ. 

ცხენით გასავლელი ტურისტული ბილიკები 

თუშეთის სოფლები და ხეობები ერთმანეთთან ბილიკებით იყო დაკავშირებული, რომლებსაც ფეხით ან ცხენებით გადიოდნენ. 

დღეს ეს ბილიკები შესანიშნავი საცხენოსნო და საფეხმავლო მარშრუტების დაგეგმვის საშუალებას იძლევა როგორც სოფლიდან სოფელში ან ხეობიდან ხეობაში, ისე ხეობებს შორის მდებარე ქედების გაყოლებაზე. 

ცხენების ძირითადი ბაზაა ომალო, თუმცა რამდენიმედღიანი ტურის დაგეგმვისას უმჯობესია, ცხენები წინასწარ დაჯავშნო ადგილობრივ საცხენოსნო გამყოლებთან, რომლებიც დაწვრილებით აგიხსნიან უსაფრთხოების ყველა დეტალს. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა