KA

ძველი ბათუმის უბანი

შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი საუკეთესო სანავსადგურო ადგილია ბათუმის ღრმაწყლოვანი ყურე, რომელსაც გარშემო მთაგორიანი ლანდშაფტი აკრავს. სახელი ბათუმი ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან bathus (ბათუს), რაც ღრმას ნიშნავს. ეს სიტყვა, როგორც მდინარის სახელი, პირველად II საუკუნეში ახსენა რომაელმა მწერალმა ილინიამ (23-79). ქალაქის სახელი ბათუმი, იგივე ბათომი, XV საუკუნიდან მკვიდრდება.
რეგიონი
აჭარა
ქალაქი
ბათუმი

XVI საუკუნიდან ბათუმი დროდადრო ოსმალთა საკუთრება ხდებოდა, 1712 წლიდან  კი უკვე ოფიციალურად შეუერთდა ტრაპიზონის ვილაიეთს. 

ქალაქი ძირითადად ნავმისადგომის გარშემო შენდებოდა, თუმცა ვაჭრობისა და ეკონომიკური წინსვლის კვალდაკვალ XIX საუკუნეში მიმდებარე ტერიტორიაზეც  დაიწყო განვითარება. ბათუმი რუსეთის იმპერიაში 1878 წლიდან შევიდა და პორტო-ფრანკოს (ვაჭრობა ბაჟის გარეშე) სტატუსი მიიღო, რომელიც  მას 1886 წლამდე ჰქონდა.  

1883 წელს  ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და შემდეგ ნავთობსადენის (1897-1907) გაყვანამ  ხელი შეუწყო ქალაქის სწრაფ განვითარებას, ბათუმის პორტი კი შავი ზღვის საერთაშორისო მნიშვნელობის  ნავსადგური გახდა.  ამ პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა როგორც მოსახლეობის ეთნიკური სურათი, ისე ქალაქის არქიტექტურა და განაშენიანების სტრუქტურა. 

კომუნისტებმა აჭარის რეგიონს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭეს და ბათუმი მისი ცენტრალური ქალაქი გახდა. საპორტო და სამრეწველო ქალაქმა ტურისტული ფუნქციაც შეიძინა, რამაც XXI საუკუნეში ნამდვილ კულმინაციას მიაღწია. 

2022 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბათუმი დაასახელეს, როგორც  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ინდუსტრიის მიმართულება.

ადგილმდებარეობა

ძველი ბათუმის უბანი მოიცავს პორტიდან ყოფილ ნურის (ნური-გელი) ტბამდე არსებულ ტერიტორიას, რომელიც იაკობ გოგებაშვილისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩებით ისაზღვრება, ხოლო ბულვარიდან სამხრეთით - ილია ჭავჭავაძის ქუჩის განაშენიანებამდე ვრცელდება.

უბნის ისტორია

ბათუმი რეგულარული დაგეგმარების პრინციპით განვითარდა პორტიდან დასავლეთით და ქალაქის ამ უბანს ადგილობრივები დღემდე ძველ ბათუმს ეძახიან. 

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან  ბათუმში სწრაფი ურბანული ცვლილებები დაიწყო: ახალი ქუჩებისა და უბნების გარდა, 1880-იან წლებში გაჩნდა მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეები - ნურის ტბასთან გაშენდა საქალაქო ბაღი (ახლა 6 მაისის სახელობის ცენტრალური პარკი), სანაპირო ზოლზე კი დაიწყო ვრცელი ბულვარის მოწყობა. XX საუკუნის დამდეგიდან ქალაქის ისტორიული ნაწილის მთავარ ღერძად საბოლოოდ ჩამოყალიბდა მემედ აბაშიძის ქუჩა. ეპოქათა ხასიათს ქალაქში შესანიშნავად ასახავს  ქუჩების სახელთა ცვლილება. ამის საუკეთესო მაგალითი სწორედ მემედ აბაშიძის ქუჩაა, რომლის უწინდელი სახელებია: რუმ სოხასი, ნურიე სოხასი, სულთან სელიმის, მარიას, კომინტერნის, მე-3 ინტერნაციონალის, წითელარმიელის, სტალინის, ოქტომბრის და თავისუფლების. 

რას ნახავ აქ?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი ქალაქის თანამედროვე ცენტრი ძველ ბათუმშია განთავსებული, შესაბამისად, აქ მდებარეობს მნიშვნელოვანი  პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი შენობები, მუზეუმები, თეატრები, კინოები, მსოფლიოს ცნობილ ბრენდთა სასტუმროები, თანამედროვე ქანდაკებები, შადრევნები, კაფეები და რესტორნები, ძველი და ახალი საცხოვრებელი სახლები; აგრეთვე, ანურიის მთაზე ამავალი საბაგირო.

2010-იან წლებში დაწყებულმა მასშტაბურმა ურბანულმა ცვლილებებმა და ტურისტული ინდუსტრიის სწრაფმა განვითარებამ, სამწუხაროდ, დააზიანა ძველი უბნის ფონური განაშენიანება და არქიტექტურული მემკვიდრეობა, თუმცა აქ დღემდე შემორჩა თვითმყოფად ქუჩათა ქსელი და ხუროთმოძღვრულად გამორჩეული შენობები.

ბათუმის შუქურა

საპორტო ქალაქის მთავარი ტექნიკური ნაგებობა, 1863 წელს აშენებული და 1882 წელს განახლებული ბათუმის შუქურა, საინჟინრო-არქიტექტურული ღირსებების გარდა, სრულიად უნიკალური მდებარეობითაც გამოირჩევა, რადგან ამ ადგილზე  ერთმანეთს ზუსტად ემთხვევა გრძედისა და განედის 41-გრადუსიანი პარალელი.      

ოსმალური პერიოდის კვალი

ბათუმი ყოველთვის იყო მულტიეთნიკური ქალაქი. სხვადასხვა კულტურისა და აღმსარებლობის მქონე მოქალაქეები, ქართველებთან ერთად, ქმნიდნენ იმ გარემოს, რასაც დღეს მისი არქიტექტურული მემკვიდრეობა ჰქვია. უშუალოდ პორტის მიმდებარე  ქუჩები - იაკობ გოგებაშვილის, ქუთაისისა და ზვიად გამსახურდიას - ჯერ კიდევ ინახავს ოსმალური პერიოდის ნაკვალევს, რასაც კარგად აჩვენებს მობინადრეთა ეთნიკური სურათიც. სწორედ აქ მდებარეობს ქალაქის ყველაზე ძველი მუსლიმანური სალოცავი - მეჩეთი „ორთა ჯამე“, რომელიც 1866 წელს ახლანდელ ქუთაისის ქუჩაზე აშენდა.

ეკლესიები და სინაგოგა

ბათუმის ძველ უბანში კომუნისტებმა რამდენიმე საკულტო ნაგებობა გაანადგურეს, თუმცა დღემდე შემოგვრჩა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, რომელიც ქართველ კათოლიკეებს აუშენა და 1903 წელს აჩუქა ქველმოქმედთა საგვარეულოს სასიქადულო წარმომადგენელმა სტეფანე ზუბალაშვილმა (დემეტრე თავდადებულის ქ. N51). აგრეთვე, 1885 წელს აშენებული სომეხთა ყოფილი ეკლესია (კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N25); ბერძნული მრევლის მიერ 1871 წელს აშენებული წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (ფარნავაზ მეფის ქ. N16) და აშქენაზ ებრაელთა მიერ 1904 წელს დასრულებული სინაგოგა (ვაჟა-ფშაველას ქ. N33).

შენობები

ადგილობრივთა ურბანული მეხსიერება დღემდე ინახავს ბევრი შენობის მფლობელთა ვინაობას და ამ სახლებს ახლაც მხოლოდ პატრონთა სახელით მოიხსენებენ. მაგალითად:

„საბაევის სახლი“ - ასე ეძახიან XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი მეწარმის, ნიკოლოზ საბაშვილის საცხოვრებელ სახლს (კონსტანტინე გამსახურდიას N9), რომლის ფასადზე არსებული ატლანტების ავტორია მოქანდაკე სერაფიმე პოლოლიკაშვილი; 

„ექიმის სახლი“ - ეს ცნობილი ბერძენი ექიმის, ტიმოლეონ ტრიანდაფილიდის ყოფილი სახლია, შოთა რუსთაველის ქ. N33;

„ფანდეევის სახლი“ - ეს ბათუმელი ვაჭრისა და მეწარმის, ნიკოლოზ ფანდეევის სახლი იყო, მემედ აბაშიძის ქ. N44.  

ეკლექტიკა

ეკლექტური სტილის არქიტექტურიდან გამორჩეული მხატვრული ღირებულების  მქონეა ბათუმის პირველი აფთიაქის შენობა მემედ აბაშიძის N36-ში, რომელიც ნახსენები აქვს ცნობილ ნორვეგიელ მწერალს კნუტ ჰამსუნს თავის თხზულებაში „ზღაპრული ქვეყანა“.

ცნობილი ამერიკელი მრეწველების, როტშილდების შენობა, ახლა სამშობიარო სახლი, შოთა რუსთაველის ქ. N39;   

აშშ-სა (შოთა რუსთაველის ქ. N7) და შვედეთის ყოფილი საკონსულოს (ნოდარ დუმბაძის ქ. N5) შენობები;

 ყოფილი სასტუმრო „ნეაპოლი“, იაკობ გოგებაშვილის ქ. N22. 

ევროპული მოდერნი

ბათუმის ძველი უბნის განაშენიანებაში მკვეთრად გამოირჩევა ევროპული მოდერნის შესანიშნავი არქიტექტურა: საცხოვრებელი სახლები - საიათნოვას ქ. N3, გენერალ მაზნიაშვილის ქ. N32, მემედ აბაშიძის ქ. N10, N12 და N41, მერაბ კოსტავას ქ. N25, გურიის შესახვევი N4 და პეტრე მელიქიშვილის ქ. N30; აგრეთვე, ყოფილი ბანკი (ზვიად გამსახურდიას ქ. N12), საბაშვილის ყოფილი ბროლის მაღაზია (მერაბ კოსტავას ქ.  N20), კინოთეატრი „აპოლო“ (მემედ აბაშიძის  N17) და ახლანდელი თოჯინების თეატრი (მემედ აბაშიძის ქ. N49).

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს სახლები, რომელთა ინტერიერსა და სადარბაზოებში დღემდე შემოგვრჩა კედლის მხატვრობა და ნაძერწი დეკორი. ამ კუთხით სრულიად გამორჩეული ნიმუშებია ირაკლი აბაშიძის ქ. N3, მემედ აბაშიძის ქ. N27, შოთა რუსთაველის ქ. N13 და ლუკა ასათიანის ქ. N20.

საბჭოთა არქიტექტურა

საბჭოთა პერიოდის ნაგებობებიდან აღსანიშნავია:

ბათუმის ცნობილი „კოლონადები“ - ასე უწოდებენ ბულვარიდან ზღვის სანაპიროზე მოწყობილ ტრიუმფალურ გასასვლელს, რომელიც ბათუმელი ექიმის, ივანე მჭედლიძის მიერ იტალიიდან ჩამოტანილი პროექტით განხორციელდა 1930 წელს;

არქიტექტორ ალექსი შჩუსევის (1973-1949) კონსტრუქტივიზმის სტილის სასტუმრო „ინტურისტი“, ეგნატე ნინოშვილის ქ. N11, რომელიც ალექსანდრე ნეველის რუსული ეკლესიის დანგრევის შემდეგ მის ადგილზე აშენდა 1939 წელს; 

არქიტექტორ ლ. ტეპლიცკის მიერ დაპროექტებული ბათუმის დრამატული თეატრის შენობა, შოთა რუსთაველის ქ. N1, რომელიც 1952  წელს გაიხსნა.

თანამედროვე ნაგებობები

ისინი ძირითადად ძველი ბათუმის უბნის უკიდურეს  ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს: პოპულარული ტურისტული ნაგებობა „ანბანის კოშკი“, სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი, „ჭაჭის“ კოშკი და კინეტიკური ქანდაკება „ალი და ნინო“, აგრეთვე, ცნობილი ბრენდების სასტუმროები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა