წაქაწყარიშ ტობასთან მისასვლელად კარგად გაკვალული საფეხმავლო ბილიკი არ არსებობს, ეს მარშრუტი მხოლოდ პროფესიონალი მოლაშქრეებისთვისაა.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა და სასურველია, სპეციალური აღჭურვილობაც გქონდეს თან.
თუ წაქაწყარიშ ტობას ვერ მიუახლოვდები, მისი ხედებით ტკბობა ცოტა შორიდან შეგიძლია - იმ ადგილიდან, სადამდეც მთის ბილიკი მიდის.
წაქაწყარიშ ტობას მახლობლად კიდევ სამი ტბაა - დიდღალიშ ტობა, კალაშიშ ტობა და ცაშკიბულიშ ტობა. ყველა ტბის მონახულებას 5-6-დღიანი ლაშქრობა სჭირდება.
ტბებამდე მისასვლელი რთული ბილიკების მიუხედავად, აქაურობას მუდმივად ჰყავს სტუმრები. ივლისში, აგვისტოში და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტბების გარშემო ბევრ კარავს ნახავ, სწორედ ეს პერიოდია სალაშქროდ საუკეთესო - მდელოები ალპური ყვავილებით არის მოფენილი, წინ კამკამა ტბას უყურებ, ყურში მდინარე მაგანის ჩანჩქერის ხმა ჩაგესმის, თავზე კი მარადიული მყინვარი გადგას.