გადმოცემის თანახმად, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ამ ადგილას წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ქვის ჯვარი აღუმართავს, VII საუკუნეში კი ტაძარი აუგიათ, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ XVIII საუკუნეში განახლებულმა დარბაზული ტიპის ეკლესიამ მოაღწია. სწორედ ამ ეკლესიაში ინახება წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატი, რომელსაც ხალხმა „მოსკე წაჩხური“ უწოდა.
ყოველ წელს, აღდგომის მეოთხე დღეს - ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, სოფელში დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. აქ მთელი საქართველოდან ჩამოდიან მომლოცველები - უმეტესად კი უშვილო წყვილები. უშვილო წყვილები საგანგებოდ მათთვის ჩატარებულ წირვას ესწრებიან და ეზიარებიან. შემდეგ მათ ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.
მონასტერთან მოწყობილი გადმოსახედიდან მდინარე ტეხურის ხეობის საოცარი ხედები იშლება. ეს მდინარე ხომ თავისი კლაკნილი კალაპოტით საქართველოს მდინარეებს შორის ულამაზესია.
ეკლესიის სიახლოვეს შეგიძლია წაჩხურუს ჩანჩქერიც მოინახულო და მის ირგვლივ არსებულ ლამაზ ბუნებაში გაისეირნო.
საქართველოს ამ მხარეში მოგზაურობისას, გირჩევ აუცილებლად მოინახულო სალხინო, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, სადაც XIX საუკუნის ქართული ფეოდალური არისტოკრატიის გარემო გელოდება.