KA
Tserakvi Monastery Complex

წერაქვის სამონასტრო კომპლექსი

ერთ გალავანში მოქცეული რამდენიმე ისტორიული ძეგლი და ხელუხლებელი ბუნება - ეს მშვენიერი სანახაობა თბილისიდან 80-ამდე კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ წერაქვშია. წერაქვი კლდიანი ადგილებითაა სავსე, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას მათთან გამკლავება წერაქვით უხდებოდა - ორწვერიანი, ქვის დასამუშავებელი უძველესი იარაღით. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება სოფლის სახელწოდება.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
მარნეული

ამ ულამაზეს სოფელში, ტყის პირას, მყუდრო ადგილზე XII-XIII საუკუნეების წერაქვის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. ის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამნავიან დარბაზულ ეკლესიას, შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, კარიბჭე-სამრეკლოს, მარანსა და მონასტრის დამხმარე ნაგებობას მოიცავს. მონასტერს მრგვალი ბურჯებით გამაგრებული ქვის გალავანი აკრავს.

კომპლექსის მთავარი ნაგებობა დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა. ეს ღია ფერის, დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც მდიდრულად გაფორმებული თაღოვანი კარიბჭეები აქვს. 

კომპლექსის ტერიტორიაზე, ღვთისმშობლის ეკლესიის გარდა, XVI-XVIII საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესიასა და X საუკუნის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესიასაც ნახავ. 

სამონასტრო კომპლექსს 2004-2010 წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა და დღეს აქ მოქმედი მონასტერია. 

წერაქვის მიდამოებში შეგიძლია, შუა საუკუნეების ციხე „დიდი მზის გული“ და ციხის დარბაზული ეკლესიაც ნახო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა