KA
Tsvermagala Park

წვერმაღალას ტყე-პარკი

წვერმაღალა 4 ჰექტარზე გაშენებული ორიარუსიანი ტყე-პარკია, რომელიც გურიის კურორტებს - შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარეობს.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ურეკი

წვერმაღალას ტყე-პარკის ისტორია

ადრე აქ ჭაობი იყო, თუმცა ახლა სარეკრეაციო ზონაა. ეს  შესანიშნავი ადგილია ზღვის, პლაჟისა და მცხუნვარე მზის შემდეგ სიმწვანეში განტვირთვისთვის.

პირველ იარუსზე ჭაობის გიგანტური - 30-40 მეტრამდე სიმაღლის კვიპაროსები შეგხვდება, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ბუნებრივად ხარობდა. პარკის კეთილმოწყობის პროცესში სწორედ მათი შენარჩუნება იყო მებაღეთა მთავარი ამოცანა.
პირველ იარუსზე, კვიპაროსების გარდა, ტიტა, ქაფურის ხე, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბაა, რომლის ირგვლივაც კედრის ჯიშის ხეები, მაგნოლიები და ტირიფები ხარობს. 

ხელოვნურ ტბასთან რამდენიმე ფანჩატური და პატარა ხის სახლი დგას, სადაც დასვენება შეგიძლია.

ტყე-პარკის მეორე იარუსზე მანდარინის ბაღი და საოცარი ხედებია. აქ კიბით უნდა ახვიდე. მართალია, კიბეს 197 საფეხური აქვს, მაგრამ ასვლა არ დაიზარო - შენ თვალწინ ზღვის ულამაზესი პეიზაჟი და კავკასიის რეგიონში უნიკალური დენდროლოგიური პარკის ხედი გადაიშლება.  

წვერმაღალას პარკის სურნელისა და ჩიტების გალობის სიტყვებით გადმოცემა კი რთულია - თავად უნდა შეიგრძნო და მოისმინო.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა