სოფელი ნაგომარი ოზურგეთიდან 16 კილომეტრში, მდინარე სუფსის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და 1827-1830 წლებში გურიის სამთავროს ცენტრი იყო.
სოფელში წმინდა მარინეს ეკლესია XIX საუკუნის დასაწყისში გურიის უკანასკნელმა მთავარმა მამია V გურიელმა დედის - მარიამ წერეთლის პატივსაცემად ააშენებინა.
ტაძარი თავდაპირველად ნაწილობრივ ხის იყო და 1923 წლამდე ფუნქციონირებდა. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ შენობა განადგურდა. ეკლესია 1998 წელს არის აღდგენილი.
სოფელ ბახვის წმინდა მარინეს დღევანდელი ეკლესია 2015 წელს არის აშენებული, ძველი ეკლესიის საძირკველზე, რომლის ნაწილიც ეკლესიის შიგნით, მინის ქვეშ არის მოქცეული.
წმინდა მარინეს სახელობის ორივე ეკლესია მოქმედია.
საგულისხმო ფაქტია, რომ დიდმოწამე მარინეს წმინდა ნაწილები იტალიაში, საბერძნეთსა და საქართველოში - ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება.
დასავლეთის ეკლესია წმინდა მარინეს წმინდა მარგარიტას სახელით მოიხსენიებს.