იესოს დაბადებიდან 2000 და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიიდან 1500 წლისათვის ტაძრის აშენების იდეა საქართველოს პატრიარქს ილია II-ს გაუჩნდა. მშენებლობა, რომელსაც ქართველი ბიზნესმენები და მოქალაქეები აფინანსებდნენ, 1996-2004 წლებში მიმდინარეობდა და ერის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
ტაძრის პროექტი ქართველ არქიტექტორს არჩილ მინდიაშვილს ეკუთვნის. შენობა მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებისგან შედგება და ცხრა ეკლესიას აერთიანებს: მთავარანგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნინოს, წმ. ანდრია პირველწოდებულის, ხარების, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზისა და წმ. მოციქულთა ეკლესიებს.
წმინდა სამების ეკლესიის მიწისზედა ნაწილის სიმაღლე, ჯვრის ჩათვლით, 86, 1 მეტრია. ფართობი - 5000 კვ.მეტრი. თუმცა მისი გრანდიოზულობა მხოლოდ პარამეტრებში არ გამოიხატება. გასაოცარია ტაძრის ექსტერიერი და შიდა ნაწილი.
ქვებით მოპირკეთებული ტაძრის ინტერიერში გამოყენებულია ქართული, მარმარილოდ ქცეული კირქვა, იატაკი ჩინური და ინდური გრანიტითაა მოფენილი, კედლები კი - იტალიური, ეგვიპტური და ბერძნული მარმარილოთი.
როდესაც თბილისში მოხვდები, აუცილებლად ეწვიე წმინდა სამების ტაძარს, რადგან ის ქართველი ხალხისთვის ძალიან ძვირფასია და ამავდროულად უდიდესი სიწმინდის სიმბოლოა.