შენობის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური. შენობის გაფორმებაზე იზრუნეს ალექსანდრე სლოვინსკიმ, ოლეგ ქოჩაკიძემ და იური ჩიკვაიძემ.
საზოგადოებრივი პარკის რთულ რელიეფზე ოსტატურად განთავსებული სამსართულიანი ნაგებობა თავისი პროპორციებით მთლიანად მორგებულია ირგვლივ არსებული ხეების მასშტაბთან და პარკის ინფრასტრუქტურასთან.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი სრულყოფილი და ფუნქციურად გამართული დაგეგმარება და მხატვრულად მაღალ დონეზე დამუშავებული ინტერიერის დიზაინი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით ეს შენობა გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის გამორჩეული ნაგებობა და მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია.
„ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი“ დღესაც წარმატებით ასრულებს საკუთარ ფუნქციას. შენობის პირველ სართულზე ალპური კლუბია განთავსებული, ხოლო მეორეზე - ჯერ კიდევ 1877 წელს დაარსებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. შენობაში, ჭადრაკის თამაშის სწავლების გარდა, პერმანენტულად ეწყობა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირები.