KA

ჭიათურის დრამატული თეატრი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზით, კულტურული ძეგლების სიმრავლითა და უამრავი სხვა, დიდი ისტორიის მქონე საინტერესო ადგილით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი ნაგებობაა ჭიათურის დრამატული თეატრი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს გაიხსნა.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის ისტორია

მწერლისა და პოეტის - აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ ჭიათურის თეატრში 1901 წელს დაიდგა. ის პირველი სპექტაკლი იყო, 1910 წლიდან კი ჭიათურის თეატრს მუდმივი დასი ჰყავს. 

XX საუკუნის დასაწყისში ჭიათურის დრამატულ თეატრში არაერთი გახმაურებული პიესა გაცოცხლდა, მათ შორის - შექსპირის, ლოპე დე ვეგას, მოლიერის, პოლიკარპე კაკაბაძის, დავით კლდიაშვილისა და სხვა. სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ პოლიკარპე კაკაბაძის ამავე სახელწოდების პიესის საუკეთესო სასცენო დადგმად მიიჩნევა, მსახიობი მიხეილ ვაშაძე კი - ყვარყვარეს როლის საუკეთესო შემსრულებლად. 

აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის ახალი შენობა

1949 წელს თეატრისთვის ახალი შენობა აშენდა. ამავე წელს მიენიჭა მას აკაკი  წერეთლის სახელიც. ახალი შენობა ჭიათურის ცენტრალურ მოედანზე დგას, რომელსაც მონუმენტური ფასადი, კაპიტელებითა და ლილვების კონით შემკული თაღოვანი პორტალი აქვს. აქვეა სავარძელში მოკალათებული, ჩაფიქრებული აკაკი წერეთლის ქანდაკებაც. 

ჭიათურის დრამატული თეატრის ინტერიერი დეკორაციებითაა გაფორმებული და ის 600 ადამიანზეა გათვლილი. დარბაზი კი ნათელი ორნამენტებითა და ჭედური ხელოვნების ნიმუშებითაა მორთული. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა