უძველესი ექსპონატები, რომლებიც მუზეუმშია დაცული, ძვ.წ. III ათასწლეულითაა დათარიღებული. ესენია: ბრინჯაოს ცულები, შუბის პირები, ქინძისთავები, მძივები, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული მასალები.
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც 1962 წელს დაარსდა, ადგილობრივი მხატვრების ფერწერული ტილოებიცაა წარმოდგენილი. ცალკეა გამოფენილი ისტორიული ფოტოკადრები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.
სულ, მუზეუმში 14 000-მდე ექსპონატია დაცული.
ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმართება გამოფენები: „არქეოლოგიური გათხრები ჭიათურის რაიონში“, „ქალი და სამკაული“, „ფესვები“ და სხვა.
თავად მუზეუმის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ჭიათურის ცენტრალურ უბანში, თხელიძის ქუჩის #5-ში მდებარეობს.
ამავე შენობაშია განთავსებული ჭიათურის ფოტოგრაფიის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია როგორც უნიკალური ფოტომასალა, ისე ის ფოტოაპარატები, რომლებითაც მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ქალაქის განვითარება კადრებში აღიბეჭდებოდა.