სიტყვა „ჭულე“ ძველ ქართულში „ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს“ ნიშნავდა, რასაც მონასტრის მდებარეობაც ადასტურებს.
ჭულეს, იგივე ჭულევის ძველი კომპლექსიდან დღეისთვის მხოლოდ წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვან ეკლესიას ნახავ. ეკლესიის სამხრეთის კედელზე გამოსახულია აქაური ათაბაგების „ოჯახური“ ფრესკული პანო. ცნობისთვის - ათაბაგი ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ტიტული იყო.
ქვეყნის მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, რაც იმ დროს მონღოლეთის, ირანისა და ოსმალეთის შემოსევებით იყო გამოწვეული, ჭულეში სამონასტრო საქმიანობა 1595 წელს შეჩერდა.
პერიოდულად ტაძარს გამაჰმადიანებული მოსახლეობა ძარცვავდა. ადგილობრივებს ეკლესიის გადარჩენილი ინვენტარი ტყეში დაუმალავთ. ეს განძი XX საუკუნის 80-იან წლებში აქაურმა მეტყევემ იპოვა.
1999 წელს ჭულევში სამონასტრო ცხოვრება აღდგა. დღეს მონასტრის ტერიტორიაზე ბერების საცხოვრებელ სენაკებსა და მონუმენტურ ქვაჯვარს - „ჭულევის ჯვართამაღლებას“ ნახავ.
მონასტრამდე მისასვლელად ახალციხიდან ადიგენამდე მოგიწევს მგზავრობა. გაითვალისწინე, რომ მონასტრამდე სამანქანო გზაა და ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით შეძლებ გადაადგილებას.