KA

ხერთვისი-შალოშეთის მთა-აწყვიტა

ეს მარშრუტი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ისტორიული მესხეთის მხარეში გამოგზაურებს, რომელიც საქართველოს ისტორიის უდიდესი მემატიანეა. თუ გსურს, მესხური მემკვიდრეობა თავად ნახო და საუკუნეების წინანდელ საქართველოშიც იმოგზაურო, მაშინ მესხეთის სოფლებს აუცილებლად უნდა ეწვიო.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ასპინძა

ხერთვისი-შალოშეთის მთა-აწყვიტა - მარშრუტის შესახებ

მარშრუტის სიგრძე 27.8 კილომეტრია და საუკეთესო სეზონი ლაშქრობისთვის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.

ბილიკის გასავლელად საჭიროა 2 დღე და კარვით დაბანაკება.

მარშრუტი სოფელ ხერთვისიდან იწყება, რომელიც მდინარეების – მტკვრისა და ფარავნის შესართავთან, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს. ის დაბა ასპინძიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული. სანამ გზას შეუდგები, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე – ხერთვისის ციხე უნდა მოინახულო, რომელიც მაღალ, კლდოვან მთაზეა აგებული. ხერთვისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი. 

ხერთვისიდან გეზი შალოშეთის მთისკენ უნდა აიღო. ულამაზესი ხედების გავლით გზა სოფელ აწყვიტამდე ჩაგიყვანს. 

სოფელი აწყვიტა

აწყვიტა კი ის სოფელია, რომელმაც მტრის შემოსევების მიუხედავად,  ქართული ფოლკლორი და ტრადიციები დღემდე უვნებლად მოიტანა. 

როცა გაშლილ მინდორზე მიგითითებენ და გეტყვიან, რომ აქ მიწისქვეშა თავშესაფრები - ე.წ. დარნებია, ნამდვილად გაოცდები. მტრის ხშირი შემოსევის გამო ადგილობრივები მას მეორე სახლსაც კი უწოდებდნენ. როცა მტერი მიწის ზემოთ მართლმადიდებლობას ანადგურებდა, მიწის ქვემოთ, დარნებში, ჯვრისწერაც კი ჩატარებულა. ვარაუდობენ, რომ ეს მიწისქვეშა თავშესაფრები გვიანი ბრინჯაოს ხანიდან არსებობს.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა