ციხესიმაგრე ორი მდინარის - ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, ღრმა ხეობაში, კლდოვან კონცხზეა აშენებული. ციხე თითქოს კლდესთანაა შეზრდილი და მისი კლდისგან გარჩევა საკმაოდ რთულია.
ხერთვისის ციხე ციტადელისა და გალავნისგან შედგება. კედლები მძლავრი და მონუმენტურია, შიდა ტერიტორია კი რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი. აქ დარბაზული ტიპის მცირე ეკლესიასა და სხვა ნაგებობათა ნაშთსაც შეხვდები.
ძველ დროში ციხესიმაგრე ჩრდილო-დასავლეთით არსებული გვირაბით მდინარის წყლით მარაგდებოდა.
ხერთვისი მარტო ციხესიმაგრე არ ყოფილა, აქ ფეოდალის რეზიდენციაც იყო. იმის გათვალისწინებით, რომ საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდნენ ხერთვისის მფლობელები - მაღალი წრის ქართველი საერო პირები თუ უცხოელი დამპყრობლები, ციხე-დარბაზი არაერთხელ განუახლებიათ - აქ ყველა მფლობელს გარკვეული ცვლილებები შეჰქონდა.
ამჟამად ხერთვისის ისტორიულ ციხეზე კომფორტული საფეხმავლო ბილიკი ადის და დამთვალიერებლებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურაც მოწყობილია.