მღვიმის ფართობი 1370 კვ.მ-ია და ის დახურული შვერილით იწყება. მისი სიგანე 18 მეტრს აღწევს, სიმაღლე კი - 6 მეტრს. შესასვლელთან 5 მეტრი სიღრმის ტბაა, რომელიც, მეცნიერების აზრით, ე.წ. ჩაქცევით არის წარმოშობილი და წყალქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4-მეტრიანი საფეხური მღვიმეს ორ ნაწილად ყოფს. პირველ, ვრცელ მხარეს კარსტრულ ძაბრებს აღმოაჩენ. რაც შეეხება მეორე - უფრო ვიწრო ნაწილს, იქ გადაადგილება მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი. ხომულის მღვიმე პატარა ტბით მთავრდება, მღვიმის მშრალ ნაწილში კი მიწისქვეშა მდინარესაც ნახავ, რომელიც 1 კმ-ის შემდეგ ზედაპირზე ამოდის და მდინარე გუბისწყლისკენ მიედინება.
ხომულის მღვიმეში დინამიკური ჰავაა, ტემპერატურა კი 13-14 გრადუსს არ სცდება. აქ ბინადრობენ ღამურები, ობობები და სხვა მრავალფეხიანი ორგანიზმები.
ძველად ხომულის მღვიმეს არა მარტო თავშესაფრად, არამედ საცხოვრებლადაც იყენებდნენ, რასაც მღვიმეში ნაპოვნი თიხის ჭურჭლის ნატეხები ადასტურებს. ხომულის მღვიმეში ასევე ნაპოვნია გადაშენებულ ცხოველთა ნაშთი, მათ შორის - მღვიმური დათვის თავის ქალაც.
გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვეის აღება იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისგან.
მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.