ციხე ადგილობრივ ფეოდალს ყაფლან ორბელიანს XVII საუკუნის პირველ ნახევარში ფიტარეთის მონასტრის მიდამოებში აუგია. ეს მონასტერიც ორბელიანების საკუთრება ყოფილა.
ციხესიმაგრე 5 კოშკისგან შედგება. თითოეულ მათგანს როგორც საცხოვრებელი, ისე საბრძოლო დანიშნულება ჰქონია. კოშკები რამდენიმესართულიანია. ყოველ სართულზე მოწყობილია ბუხრები და სამეურნეო-საცხოვრებელი ოთახები. კოშკის ზედა - მეშვიდე-მერვე სართულებზე ლოდსატყორცნები უნდა ყოფილიყო განლაგებული.
ციხეში მოხვედრა რამდენიმე კარიბჭით და საიდუმლო გვირაბითაც შეიძლება, რომელიც მდინარის ხეობაში ციცაბო აღმართზე ადის.
ციხის შიდა ეზოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას, იქვეა მცირე ზომის წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობების ნაშთი. ციხის აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით შედარებით მცირე ზომის საბრძოლო დანიშნულების კოშკებია შემორჩენილი.
XVIII საუკუნის წყაროებში ხულუტის ციხე ძლიერ, საიმედო სტრატეგიულ ობიექტად მოიხსენიება, ხეობაში შეუმჩნევლად ვერავინ შევიდოდა. ის დღესაც ამაყად გადმოჰყურებს მდინარე ხრამს დიდი სიმაღლიდან.