კახიძის ცენტრში ყოველწლიურად, მთელი საკონცერტო სეზონის განმავლობაში სიმფონიური კონცერტები და ორი გამორჩეული ფესტივალი იმართება - ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულისთვის საინტერესო პროგრამებით. თავად მაესტრო კახიძე კი კონცერტებით ისეთ სცენებზე გამოდიოდა, როგორებიცაა: ლონდონის საფესტივალო დარბაზი, პარიზის ელისეს მინდვრების თეატრი, მილანის ლა სკალა, ბერლინის ფილარმონია, ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრი, სიდნეის ოპერა, ტოკიოს ბუნკამურა და სხვა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ჯაზის და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით ტანდემს ეთმობა. ამ სცენაზე სხვადასხვა წელს გამოდიოდნენ: გრემის მრავალგზის მფლობელი, ბრაზილიელი მუსიკოსი ივან ლინსი და მისი ბენდი, ამერიკელი მომღერალი პატი ოსტინი, სახელგანთქმული ჯაზპიანისტი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო (აშშ), ცნობილი ვოკალური ანსამბლი შვედეთიდან The Real Group, ვირტუოზი ინსტრუმენტალისტები ავსტრიიდან Janoska Ensemble, გენიალური ამერიკული ჯაზბენდი New York Voices და მრავალი სხვა.
შემოდგომაზე კი საერთაშორისო ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ იმართება, რომელიც კლასიკას, ფოლკლორსა და ჯაზს აერთიანებს.
კახიძის ცენტრი თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის #123-125-ში მდებარეობს.