KA

ჯომარდობა ცხენისწყალზე: ლენტეხი-ცაგერი

მდინარე ცხენისწყალზე ლენტეხი-ცაგერის საჯომარდო მარშრუტი ექსტრემალურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ლენტეხი

ადგილმდებარეობა

დაბა ლენტეხი და ქალაქი ცაგერი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარეშია. ლენტეხი სვანეთია, ხოლო ცაგერი - ლეჩხუმი.

მდინარე

ცხენისწყალი დასავლეთ საქართველოს წყალუხვი მდინარეა, რომელიც  მარადიული თოვლიდან - სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე იღებს სათავეს და მდინარე რიონს ერთვის. ცხენისწყლის სიგრძე 176 კილომეტრია.

მარშრუტი

მარშრუტი ლენტეხში იწყება, ზღვის დონიდან 760 მეტრზე და ცაგერში სრულდება, ზღვის დონიდან 470 მეტრზე. მონაკვეთი 18 კილომეტრია, მის გავლას კი 2 საათი სჭირდება.

მარშრუტის სირთულე და სეზონურობა

მარშრუტის სირთულე IV კატეგორიისაა, ახასიათებს  სწრაფი, მძლავრი დინება, ჩქერები, ორმოები, სტოპერები და ქვები.

აღნიშნულ მარშრუტზე საჯომარდო ასაკი მინიმუმ 18 წელია.

საჯომარდო სეზონია გაზაფხული-ზაფხული. ადგილზე საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში +20/25 გრადუსია.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

ლენტეხი ქუთაისიდან 102 კილომეტრშია და იქამდე საავტომობილო გზა მიდის. ლენტეხის ცენტრიდან სასტარტო ადგილამდე ფეხითაც მიხვალ,  რაც 10 წუთის გზაა.

უსაფრთხოება 

  • ნავი

საჯომარდოდ გამოიყენება 6/8-ადგილიანი, სპეციალური ნავები.

  • აღჭურვილობა

ინსტრუქტორები სამაშველო ჟილეტსა და ჩაფხუტს მოგცემენ. ამასთანავე, სასურველია, გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი, თერმოზედატანი და სპორტული შარვალი ან შორტი, რომელიც დასველებას აიტანს.

რა უნდა იცოდეს დამწყებმა

ნავს ახლავს პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც დაშვებამდე უსაფრთხოებაზე ინსტრუქტაჟს ჩაატარებს. ყურადღებით უსმინე ინსტრუქტორს მთელი პროცესის განმავლობაში. ცურვის ცოდნა არ არის აუცილებელი. 

სასარგებლო ინფორმაცია

ჯომარდობის დაწყებამდე ლენტეხში, სასტარტო ადგილთან ახლოს, სვანური კერძების დაგემოვნება შეგიძლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა