ნოღა-მათხოჯის მარშრუტი სამეგრელოდან, მარტვილიდან იწყება და იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში მთავრდება.
ცხენისწყალი უხვწყლიანი მდინარეა. ის დასავლეთ საქართველოში მოედინება და სათავეს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე იღებს. ცხენისწყლის სიგრძე 176 კილომეტრია და მდინარე რიონს სოფელ საჯავახოსთან, მარჯვენა მხრიდან ერთვის.
მარშრუტი იწყება სოფელ ძეძილეთში, ზღვის დონიდან 280 მეტრზე და სრულდება სოფელ მათხოჯში, ზღვის დონიდან 170 მეტრზე. სიგრძე 12 კილომეტრია და მის გავლას 80 წუთი სჭირდება.
საჯომარდო ტური შეგიძლია, ორგანიზატორებთან წინასწარ დაჯავშნო ან მომსახურება ადგილზევე მიიღო.
მარშრუტის სირთულეა: გაზაფხულზე III კატეგორია - ამ დროს იცის სწრაფი და ძლიერი დინება, გვხვდება ჩქერები და ორმოები; ზაფხულში კი II კატეგორია - დინება ნაკლებად სწრაფია, გვხვდება მცირე ზომის ქვები და ჩქერები.
აღნიშნულ მარშრუტზე ჯომარდობისთვის მინიმალური ასაკი 14 წელია.
ამ მონაკვეთის გავლა შესაძლებელია გაზაფხულსა და ზაფხულში, პირველ აგვისტომდე.
სასტარტო ადგილი 25 კილომეტრშია ხონის ცენტრიდან, საიდანაც სამანქანო გზა მიდის; ტრანსპორტირებაზე შეგიძლია საჯომარდო კლუბსაც შეუთანხმდე.
საჯომარდოდ გამოიყენება 4/6/8-ადგილიანი სპეციალური, რეზინის ნავები.
ინსტრუქტორისგან სამაშველო ჟილეტსა და ჩაფხუტს მიიღებ. სასურველია, გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი და თერმოტანსაცმელი.
ნავს ახლავს პროფესიონალი, რომელიც აგიხსნის როგორც პროცესის მიმდინარეობის, ისე უსაფრთხოების წესებსაც. ყურადღებით უსმინე მას მთელი პროცესის განმავლობაში.
ცურვის ცოდნა არ არის აუცილებელი.
მარშრუტთან ახლოს მდებარეობს პრომეთეს მღვიმე და ოკაცეს კანიონი.