ჰელიბაიკინგის ვერტმფრენი ბაზირებულია სტეფანწმინდაში. აქედან მიფრინავენ სხვადასხვა მარშრუტზე. ერთ-ერთი პირველი მარშრუტი ჭიუხის უღელტეხილია. აქ, ზღვის დონიდან 3338 მეტრ სიმაღლეზე, დაშვებისთვის სამი სხვადასხვა ბილიკი გვაქვს: უღელტეხილი - აბუდელაურის ტბები (2 კმ); უღელტეხილი - ჯუთა (8 კმ); უღელტეხილი - როშკა (9 კმ).
ჰელიბაიკინგისთვის გამოსადეგია მცხეთა-მთიანეთის შემდეგი ბილიკები: ტანიეს ტბა, ბორბალოს მთა, სოფელი ახიელი, სოფელ სიონის მიდამოები, ალტიჰატი - სტეფანწმინდა. ამ მარშრუტებზე დაშვების ბილიკებს ადგილზე არჩევს სერტიფიცირებული გამყოლი, ველოსიპედისტის გამოცდილებისა და ფიზიკური მზაობის შესაბამისად.
ჰელიბაიკინგისთვის ხელსაყრელი სეზონია ივნის-სექტემბერი.
აუცილებელია გახლდეს კვალიფიციური გიდი, რადგან ბილიკებზე დაშვების წინ ბევრი დეტალი იქნება გასათვალისწინებელი. მათ შორის: უნდა შეირჩეს ისეთი ბილიკები, სადაც აქტიურად არ გადაადგილდებიან ტურისტები; უნდა მოვერიდოთ ცხვრის ფარების გადაადგილების ზონებს; საჭიროა სიფრთხილე ძაღლებთან და სხვა.