KA

თბილისი

ეს ქალაქი პოლიფონიურ მუსიკას ჰგავს, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს - მას თავად უნდა მოუსმინო, მისი ჰარმონიულობა შეაფასო, ინტელექტუალიზმი იგრძნო და საკუთარი ემოცია აღმოაჩინო. თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია და ის 15 საუკუნეა, რაც ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ამ საქმიანი და მკაცრი სტატუსის მიღმა აქ ისეთი ატმოსფეროა, ერთხელ თუ გაიცნობ, უკან დაბრუნების სურვილი ბევრჯერ გაგიჩნდება.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
ბათუმი
5:30 სთ
ქუთაისი
3:25 სთ
თელავი
1:50 სთ

ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები

მთავარი ტურისტული უბანი ქალაქის ისტორიული ნაწილი - „ძველი თბილისია“, რომელიც ადრეული შუა საუკუნეებიდან შენდებოდა. ეს ტერიტორია, დაახლოებით, 2 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და აქ თავმოყრილია ის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო.

თბილისის ნებისმიერ სავიზიტო ბარათზე შეგხვდება კლდეზე  აშენებული დიდებული ტაძრის ფოტო. ეს მეტეხის ტაძარია - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი. ტაძრის ეზოში ამ ტაძრის თავდაპირველი ამშენებლისა და თბილისის დამაარსებელი მეფის - ვახტანგ გორგასლის მონუმენტი დგას. თუ მეფესთან ერთად მეტეხის ტაძრის ეზოდან გადმოიხედავ, „ძველ თბილისს“ ხელისგულზე დაინახავ.

აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი ქართული მართლმადიდებლური, სომხური გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები, ასევე უნიკალური მეჩეთი, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ , იქვე ახლოსაა  სინაგოგაც. თბილისი მრავალეთნოსური და მრავალრელიგიური ქალაქია, რადგანაც  ყოველთვის მშობლიური სახლი იყო სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის ადამიანებისთვის. 

„ძველი თბილისის“ განსაკუთრებული ეგზოტიკაა XVIII საუკუნის ჭრელი, გუმბათოვანი აბანოები, სადაც ბუნებრივად თბილი, გოგირდიანი წყალი მოდის. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ სამკურნალო წყლების გამო გადაწყვიტა მეფე ვახტანგ გორგასალმა ამ ადგილას ქალაქის დაარსება. 

აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები რესტორნებს, კაფეებსა და პაბებს - ნაციონალური და ევროპული მენიუებით, სასმელებითა და კარგი მუსიკით.

თბილისი და ზოგადად საქართველო სამოთხეა გურმანებისთვის - აქ კულინარია ხელოვნებაა. ქართული სამზარეულო, გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით, საუკუნეების განმავლობაში იზიარებდა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სამზარეულოების საუკეთესო ტრადიციებს და ქმნიდა თავის ინდივიდუალურ, დახვეწილ გემოებს.

გაითვალისწინე, რომ ყველაზე გემრიელი ყავის სურნელი გაბრიაძის მარიონეტების თეატრის ჯადოსნურ მოედანზე დაგხვდება, სადაც ყავასაც დააგემოვნებ და 12:00-სა და 19:00 საათზე საოცარი მუსიკალური და თოჯინური წარმოდგენის – „ცხოვრების წრებრუნვის“ მაყურებელიც გახდები.

ძველ ქუჩებზე უნიკალურ „თბილისურ მოდერნსაც“ ნახავ - მდიდრულ შენობებს მორთული ფასადებით, მოხატული სადარბაზოებითა და ემოციური ისტორიებით.

თბილისის მთაწმინდა  

თბილისში ბევრია ისეთი ადგილი, საიდანაც ქალაქს გადმოხედავ და ულამაზესი ხედებით დატკბობას შეძლებ. ყველაზე მაღალი წერტილი კი მთაწმინდაა. 

სიმწვანეში ჩაფლულ მთაწმინდის პარკში გახსნილია რესტორნები და კაფეები, მოწყობილია ატრაქციონები და დასასვენებელი ადგილები; მთაწმინდაზე ასვლას სამანქანო გზითაც შეძლებ და ფუნიკულიორითაც - ეს რელსებიანი საბაგირო თბილისის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა. 

რუსთაველის გამზირი 

ქალაქის მთავარი არტერია  რუსთაველის  გამზირია, რომლის სიგრძე  1,5 კმ-ია. აქ ერთმანეთის გვერდით უნიკალური ისტორიული შენობები დგას: საქართველოს პარლამენტი, ოპერის თეატრი, ეროვნული გალერეა, რუსთაველის თეატრი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და ქაშვეთის ეკლესია. გამზირზე არის მაღაზიები, კაფეები და გამწვანებული სკვერები. 

ქალაქის სიმბოლოები

თბილისში არაერთი შენობა და ძეგლია, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ მიიჩნევა - წმინდა სამების ტაძარი, ნარიყალას ციხესიმაგრე, თანამედროვე „მშვიდობის ხიდი“ მტკვარზე, იუსტიციის სასახლე, პრეზიდენტის სასახლე, ასევე  მონუმენტური ქანდაკებები: ქართლის დედა, მეფე ვახტანგ გორგასალი და წმინდა გიორგი, რომელიც ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. 

თბილისის თანამედროვე უბნები 

თბილისის შედარებით ახალ უბნებში კი სულ სხვა რიტმია - აქ მდებარე უნივერსიტეტებში, ბიზნესცენტრებში, თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში, გასართობ პარკებში, რესტორნებსა და ღამის კლუბებში XXI საუკუნის ცხოვრება დუღს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა