KA
Abanotubani in Tbilisi

აბანოთუბანი

მრავალი ომისა და რბევის გადამტან თბილისს დღემდე შემორჩა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე არსებული ისტორიული უბნები. მათ შორის ერთ-ერთი უძველესია აბანოთუბანი - ადგილი, რომელსაც მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში თბილისქალაქის დაარსების ლეგენდა უკავშირდება. თუმცა მეფე გორგასლამდე აქ ქალაქის არსებობას რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის IV საუკუნის რუკა ადასტურებს, სადაც თბილისი აღნიშნულია, როგორც „ფილადო“ (ლათ. თბილი). აგრეთვე, თბილისი, როგორც ციხე-ქალაქი, ნახსენებია 360-იანი წლების მატიანეში „მოქცევაი ქართლისაი“.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

უბნის ისტორია

V საუკუნეში შურის (ნარიყალა) ციხის მახლობლად, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ დაწყებული ქალაქის მშენებლობა VI საუკუნის დამდეგს მისმა ძემ დაჩიმ დაასრულა და მამის ანდერძით სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. 

ქალაქის დაარსების შესახებ, გარდა ისტორიული წყაროებისა, ასეთი ლეგენდაც არსებობს: ნადირობისას ვახტანგ გორგასლის მიმინო დაჭრილ ხოხობს გაედევნა, შემდეგ კი ორივე მდუღარე წყაროში იპოვეს და ასე აღმოაჩინეს თერმული წყლები, რასაც იმ ადგილას მეფის ბრძანებით ქალაქის გაშენება მოჰყვა. 

თბილისის სახელში სიტყვა „თბილი“, იგივე „ტფილი“, სწორედ ამ ცხელ წყაროებს უკავშირდება; „ტფილიდან“ გამომდინარე, თბილისსაც 1936 წლამდე ტფილისი ერქვა. 

ლეგენდაც და მეცნიერებაც ქალაქის პირველ დასახლებად - თბილისად ზუსტად ამ ტერიტორიას მიიჩნევს, რომელსაც XVII საუკუნეში ჯერ სეიდაბადი უწოდეს, იქ ჩამოსახლებული სეიდების გამო, შემდეგ კი - ხარფუხი, რაც სომხური ტოპონიმია, ხველასა და სურდოს აღნიშნავს და დაავადებისგან დამცავ ცნობილ სამკურნალო ქვასა და მასზე დატანილ ხატს უკავშირდება, რომელიც ამ უბანში, მირზა შაფის ქუჩაზე იყო. 

 „აბანოთუბნის“ აბანოები

დღეს ამ ადგილს „აბანოთუბანი“, ანუ აბანოების უბანი ჰქვია. აქ XII საუკუნეში 65 აბანო იყო, რომელთა რიცხვი XIX საუკუნეში ექვსამდე შემცირდა. დღეს აქ 10-ზე მეტი აბანოა. უწინაც და ახლაც ამ აბანოებს  უამრავი ხალხი  სტუმრობს. როცა ცნობილი ფრანგი მწერალი, ალექსანდრე დიუმა 1858 წელს თვეზე მეტხანს იმყოფებოდა თბილისში, ხშირად მოდიოდა აბანოში და თან წუხდა, რომ მშობლიურ პარიზში ამას ვეღარ ნახავდა. 

თბილისელები აბანოს მხოლოდ ჰიგიენური თვალსაზრისით არ იყენებდნენ,  აქ ხდებოდა  საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრები, წვეულებებიც კი, საპატარძლოებსაც სწორედ აქ ათვალიერებდნენ მომავალი სადედამთილოები.  

აბანოთუბნის მინერალური წყაროები 

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა აბანოთუბნის მინერალური წყაროები კვლავ გულუხვად მოედინება. თითოეული მათგანი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და, სიამოვნების გარდა, დიდი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. 

ამ წყაროების სამეცნიერო გამოკვლევამ სათავე დაუდო ბალნეოლოგიური  კურორტის შექმნას, რომლის დაარსების იდეა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წამოაყენა ცნობილმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ  ნიკო ნიკოლაძემ (1843-1928). 1938 წელს აბანოთუბანში ცნობილი კურორტოლოგის, მიხეილ ზანდუკელის (1881-1950) მიერ აშენდა „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ ვახტანგ გორგასლის ქ. N9-ში. დღეს უკვე სრულიად განახლებული სამკურნალო ცენტრის შენობა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, თუმცა მისი მთავარი ღირსება კვლავ აბანოთუბნის მიწიდან მომდინარე სხვადასხვა შემადგენლობისა და ტემპერატურის მინერალური წყაროებია. 

რას ნახავ აბანოთუბანში?

აბანოს ქუჩის დასაწყისში „ორმოცი სებასტიელი მოწამის“ მამათა მონასტერი (XXI ს.) დგას და ღია ცის ქვეშ არქეოლოგიური მუზეუმი-გამოფენაა მოწყობილი;  

აქვეა თბილისური აივნიანი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, კაფეები, რესტორნები, ნაირგვარი მაღაზიები, აგრეთვე, ვახტანგ გორგასლის ლეგენდის პერსონაჟების - მიმინოსა და ხოხბის ქანდაკება. 

აბანოს ქუჩის ბოლოში XVII საუკუნის „ორბელიანების აბანოა“, რომელსაც ადგილობრივები დღემდე „ჭრელ აბანოს“ უწოდებენ, მუსლიმანური დეკორის მოტივებზე გაწყობილი, ფერადი კერამიკული ფილებით მოპირკეთებული ფასადის გამო. 

აქედან ერთი გზა ლეღვთახევის ჩანჩქერამდე მიდის, სადაც ზაფხულის ხვატის დროს არაჩვეულებრივი სიგრილეა, მეორე, საფეხურებიანი ბილიკი კი  ბოტანიკურის ქუჩაზე ადის, სადაც თბილისში ერთადერთი მუსლიმანური სალოცავი, XVIII საუკუნის სუნიტური ჯუმა მეჩეთია, ლითონის აჟურული ცხაურით გაწყობილი მაღალი მინარეთით (XIX ს.). მას შემდეგ, რაც კომუნისტებმა 1952 წელს მეტეხის ხიდთან შიიტური მეჩეთი დაანგრიეს, თბილისელი შიიტებიც და სუნიტებიც აქ ახლა ერთად ლოცულობენ, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა მსოფლიოს მუსლიმანური სამყაროსათვის.    

წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე აბანოების აგურით ნაშენი დაბალგუმბათიანი სახურავებია. უწინ თითოეულ მათგანს მეპატრონის სახელს ეძახდნენ - არსებობდა გოგილოს, ერეკლეს, ბებუთას, თბილელის, ხოჯას აბანოები და ა.შ. 

უბნის ძირითადი ბინადარნი ადრე სხვადასხვა პროფესიის ხელოსნები, მღებავები, მკერავები და მექისეები იყვნენ. ეთნიკური სურათიც საკმაოდ ჭრელი იყო, თუმცა XVII საუკუნიდან ირანის გაძლიერებული ექსპანსიის გამო უმრავლესობას სწორედ მუსლიმანები შეადგენდნენ. 

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა სახელმწიფომ აბანოთუბნის განახლება-რეაბილიტაცია დაიწყო, დემოგრაფიული სურათიც შეიცვალა და ახლა აქ მულტიეთნიკური თბილისის თითქმის ყველა წარმომადგენელი ცხოვრობს. ძველი თბილისის მეისტორიეს, ცნობილ ქართველ პოეტ იოსებ გრიშაშვილს (1889-1965) თავის ნაშრომებში დოკუმენტურად აქვს აღწერილი აქაური ხალხის ტრადიციები, მისი ბიბლიოთეკა-მუზეუმიც ამ უბანშია, ალგეთის ქ. N1-ში. 

აბანოთუბნის სკვერში 2007 წელს საქართველოს დიდი მეგობრის, აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალი გაიხსნა და მიმდებარე მთავარ საავტომობილო გზასაც მისი სახელი ეწოდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა