KA

ასვლა ჩრდილოეთ უშბაზე - კლასიკური მარშრუტი

უშბას, ორთავიან მწვერვალს უწოდებენ. მისი ჩრდილოეთ მწვერვალის სიმაღლე 4690 მეტრია, ხოლო სამხრეთისა 4700 მეტრი. მწვერვალ სამხრეთ უშბაზე დამოუკიდებლად ასვლა მხოლოდ ძალიან გამოცდილი მთამსვლელებისთვისაა რეკომენდებული. ისინი, ვისაც მსგავსი გამოცდილება არ გააჩნიათ, უშბაზე მხოლოდ პროფესიონალ გამყოლთან ერთად უნდა ავიდნენ.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

უშბის მწვერვალის დახასიათება

უშბა მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე მდებარეობს. 

უშბის ჩრდილოეთ მწვერვალის სიმაღლეა 4690 მეტრია და მისკენ მიმავალ მარშრუტზე გვხვდება ნაშალი ქვების რელიეფი, ყინულისა და თოვლის საფარი, ნაპრალოვანი ყინული და კლდოვანი ქედი.

პირველი დღე 

მარშრუტი სოფელ მაზერში, ზღვის დონიდან 1672 მეტრ სიმაღლეზე იწყება და საფეხმავლო ბილიკით უშბის მყინვარისკენ მიემართები. შდუგრას ჩანჩქერების გავლით, მყინვარამდე გადიხარ 6 კილომეტრს როგორც ტყეში, ისე ქვიან რელიეფზე, რის შემდეგაც იწყება მყინვარი. მყინვარის გავლით მიხვალ პირველ საბანაკემდე, რომელიც ზღვის დონიდან 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ე.წ. კლდის თარო - უსაფრთხო, მშრალი და ქარისგან დაცული ადგილი. საბანაკესთან არის წყალი და მშვენიერი ხედებიც იშლება. 

პირველ დღეს 1828 ვერტიკალს გადიხარ. პირველ საბანაკემდე მისვლას კი 8-9 საათი სჭირდება.

მეორე დღე

პირველი საბანაკიდან მყინვარის ლაბირინთის გავლით თოკში ჩაბმული ინაცვლებ მეორე საბანაკისკენ, რომელიც 4100 მეტრ სიმაღლეზე, უშბის პლატოზე მდებარეობს. 

მეორე დღეს გადიხარ 600 ვერტიკალს. გასავლელი დრო დამოკიდებულია მყინვარის მდგომარეობაზე. დამატებითი აკლიმატიზაციის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია, პლატოზე კიდევ ერთი დღე დარჩე. 

მესამე დღე 

მწვერვალისკენ  გამთენიისას, 03:00 საათზე გადიხარ. მარშრუტი იწყება 400-მეტრიანი ყინულის დაფის დაფარვით, რომელსაც მთლიანად ცოცვით გადიხარ. შემდეგ 190 მეტრი სიგრძის გალესილი ქედით ინაცვლებ მწვერვალამდე. მწვერვალზე კი 5-10 წუთის დაყოვნების შემდეგ მეორე საბანაკეზე ბრუნდები. 

მესამე დღის მარშრუტი, საშუალოდ, 6-8 საათს საჭიროებს.  

მეოთხე დღე

მეორე საბანაკიდან პირდაპირ ეშვები სოფელ მაზერში. უამინდობისა და აკლიმატიზაციის საჭიროებისას შეგიძლია, დღეების რაოდენობა 1-2 დღით გაზარდო.

დამატებითი ინფორმაცია

ჩრდილოეთ უშბაზე ასვლა რეკომენდებულია ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე.  

მესტიის ცენტრიდან დანიშნულების ადგილამდე (მარშრუტის საწყისი წერტილი) 27 კმ-ია. ამ მანძილის დასაფარად გამოგადგება ნებისმიერი გამავლობის ავტომობილი. საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტის დაქირავება მესტიის ავტოსადგურზე შეგიძლია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა