KA
2024-12-24T11:42:28.000000Z
5 რჩევა, რომელიც გამოგადგებათ თუ ბაკურიანში დასვენებას გადაწყვეტთ

5 რჩევა, რომელიც გამოგადგებათ თუ ბაკურიანში დასვენებას გადაწყვეტთ

სამთო კურორტზე დასვენებისას შესაძლოა საკმაოდ ბევრი პრობლემა შეიქმნას, თუ გარკვეულ ინფორმაციას წინასწარ არ გაითვალისწინებთ. ნებისმიერ სამთო კურორტზე გამგზავრებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სასურველი აქტივობები, არამედ ისეთი პრაქტიკული საკითხებიც, როგორიცაა ტრანსპორტირება, განთავსება და აღჭურვილობა.
სარჩევი

ყველა ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც საუბარია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და დატვირთულ კურორტზე, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს და თბილისიდან 180 კილომეტრითაა დაშორებული.

ამ ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ბაკურიანში ვიზიტი ისე დაგეგმოთ, რომ პოტენციური პრობლემების უმეტესობა თავიდან აიცილოთ. 

რჩევა #1: წინსწრებით მოაგვარეთ საბაზისო ლოგისტიკური საკითხები

ბაკურიანში დასვენების დაგეგმვისას უმნიშვნელოვანესია დროის მონაკვეთის სწორად შერჩევა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეს კურორტი ოთხივე სეზონზე მიმზიდველია და თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკა აქვს. თუმცა ბაკურიანი პირველ რიგში საზამთრო კურორტია და ყველაზე დიდი დატვირთვა, საუკეთესო სათხილამურო პერიოდზე - დეკემბრიდან მარტის ჩათვლით - მოდის. თუ თქვენც თხილამურებით სრიალისთვის გსურთ ბაკურიანს ეწვიოთ, ეცადეთ მინიმუმ ერთი კვირით ადრე დაჯავშნოთ ყველაფერი რაც საჭიროა - მათ შორის სასტუმრო და აღჭურვილობა (თუ საკუთარი არ გაქვთ). იანვარ-თებერვალი სეზონისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდია, ამიტომ უმჯობესია კიდევ უფრო წინსწრებით მოაგვაროთ ლოგისტიკური საკითხები.

თბილისიდან ბაკურიანში მისასვლელად დაახლოებით 2 საათნახევარია საჭირო. მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი - სამარშრუტო ტაქსები დილის 8 საათიდან ყოველ საათში ერთხელ გადიან დიდუბის ავტოსადგურიდან. ფასი 15-დან 25 ლარამდე მერყეობს, სეზონის მიხედვით. ზამთრის დატვირთულ სეზონზე აუცილებლად წინასწარ შეიძინეთ ბილეთი, სხვანაირად შესაძლოა ადგილის გარეშე დარჩეთ.

რჩევა #2: ყურადღებით გაეცანით ტერიტორიას, სადაც გაჩერებას აპირებთ

განსაკუთრებული ყურადღება ბაკურიანში დასვენების დაგეგმვისას საცხოვრებელი ადგილის შერჩევას უნდა მიაქციოთ. თუ კურორტს ზამთრის სეზონზე სტუმრობთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ სასტუმროს ან აპარტამენტის მდებარეობა საბაგირო გზებთან მიმართებაში - დიდთოვლობის გამო ბაკურიანში გადაადგილებას ბევრად მეტი დრო სჭირდება ვიდრე დედაქალაქში, ამიტომ ადგილები, რომლებიც რუკის მიხედვით 20-წუთიანი დაშორებითაა შესაძლოა გაცილებით უფრო დიდ დროს მოითხოვდეს ადგილზე მოძრაობისას. მნიშვნელოვანია, რომ განთავსების ადგილს ჰქონდეს სათხილამურო აღჭურვილობის შესანახი სივრცე.

კვლავაც გასათვალისწინებელია სეზონი და მოგზაურობის ხანგრძლივობა. ზამთრის სეზონზე და ზაფხულის სეზონის პიკზე, ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. თუ მოგზაურობას საახალწლო პერიოდზე გეგმავთ, გირჩევთ მინიმუმ 2-3 თვით ადრე დაიწყოთ სასტუმროს თუ აპარტამენტების შერჩევა - მოგვიანებით შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ საუკეთესო ვარიანტები უკვე სრულად დაჯავშნილია. ბაკურიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ - დაწყებული ძვირადღირებული სასტუმროებით, დამთავრებული საოჯახო სასტუმროებით - მაგრამ კურორტი საკმაოდ პატარაა, აქტივობა კი მაღალი. თუ ხანგრძლივი დასვენება (2 კვირა და მეტი) გაქვთ დაგეგმილი, უფრო ეკონომიური იქნება აპარტამენტების ქირაობა, მოკლევადიანი დასვენებისას კი ჯობია პირველ რიგში სასტუმროები განიხილოთ.

სასტუმროს ან აპარტამენტის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ გათბობის სისტემის არსებობას, პარკირების შესაძლებლობას, Wi-Fi-ის ხელმისაწვდომობას და კვებას. რაც მეტი მოთხოვნილება შეგეძლებათ ადგილზე დააკმაყოფილოთ, მით უფრო უპრიანია დაჯავშნა, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდზე.

რჩევა #3: დაგეგმეთ აქტივობები წინასწარ

ბაკურიანში 23 სამთო-სათხილამურო ტრასაა, რომელთა საერთო სიგრძე 26,769 მეტრია. ასევე ფუნქციონირებს "კრისტალის საკურორტო ზონისა" და ცალკე ტრასები დამწყებთათვის. გაეცანით ტრასებს და წინასწარ გადაწყვიტეთ, რომლით ისარგებლებთ - მნიშვნელოვანია ტრასა თქვენი რეალური შესაძლებლობების შესაფერისი იყოს.

ბაკურიანი ზამთარში განსაკუთრებით აქტიურია სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის, ამიტომ ეცადეთ აარჩიოთ ისეთი პერიოდი, როდესაც საბაგიროები ნაკლებად დატვირთულია, რიგებში რომ არ მოგიწიოთ დგომა. ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების მულტიქარდი, რომელიც ქვეყნის ოთხივე სამთო კურორტზე მოქმედებს. თუ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება გსურთ, რეკომენდებულია გაკვეთილები წინასწარ დაჯავშნოთ, განსაკუთრებით სეზონის პიკზე.

რჩევა #4: დარწმუნდით რომ საჭირო აღჭურვილობა მწყობრშია, სანამ გაემგზავრებით

აღჭურვილობის საკუთხს განსაკუთრებული რუდუნებით მიუდექით ზამთარში ბაკურიანში დასვენების დაგეგმვისას. შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე არსებული გაქირავების პუნქტებით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ფასი დღეში საშუალოდ 50 ლარია. თუმცა საკუთარი აღჭურვილობის ქონა ბევრად უკეთესია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სათხილამურო ფეხსაცმელს - ის აღჭურვილობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

დარწმუნდით, რომ თხილამურები წინასწარ მოწესრიგებულია - საჭიროა ცვილის წასმა და კიდეების გალესვა. თუ აღჭურვილობას ქირაობთ, გადაამოწმეთ რომ საჭირო მანიპულაციები დროულად ჩატარდა. თუ საკუთარი აღჭურვილობა გაქვთ, აუცილებლად წაიღეთ მოსავლელი საშუალებები თან.

დაგჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, და გაითვალისწინეთ, რომ ზამთრის სეზონზე რამდენიმე შრის ჩაცმაა აუცილებელი, იმისდა მიუხედავად რამდენად თბილ ქურთუკს იცვამთ ზემოდან. ამასთან, ბაკურიანის ამინდი ცვალებადია, ერთ დღეს შესაძლოა დიდთოვლობა იყოს, მეორე დღეს კი მზემ დააჭიროს. წაიღეთ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი რომელიც საშუალებას მოგცემთ ამინდს მოერგოთ - დაგჭირდებათ წყალგაუმტარი ქურთუკი, თბილი შარვალი და ზედატანები, ხელთათმანები, შარფი და ქუდი. და, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი სათვალე და კრემი. მზისგან დამცავი კრემი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მაღალმთიან კურორტზე მზის სხივები განსაკუთრებით ძლიერია, თან ხშირად მათ სიძლიერეს ვერ ვამჩნევთ.

რჩევა #5: დამატებითი აქტივობების გათვალისწინება

ბაკურიანში თხილამურებით სრიალის გარდა სხვა აქტივობებიც არის ხელმისაწვდომი: თოვლის სკუტერებით გასეირნება, ყინულის მოედანზე სრიალი და საცხენოსნო ტურები. განსაკუთრებით პოპულარულია ტობოგანი - დიდი ზომის მთის ციგა, რომელიც ადრენალინის მოყვარულების ფავორიტია. 

ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი, სადაც მაღალმთიანი მცენარეების იშვიათი სახეობები ხარობს. ბაღში მოწყობილია საფეხმავლო ბილიკები, საიდანაც პანორამული ხედები იშლება.

ოჯახებისთვის, რომლებიც ბავშვებთან ერთად ისვენებენ, კურორტზე მოწყობილია საბავშვო გასართობი ცენტრები. აქ პატარებს შეუძლიათ ითამაშონ და ისწავლონ თხილამურებზე სრიალი გამოცდილი ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ.

აღსანიშნავია კურორტის სამკურნალო თვისებებიც. ბაკურიანი სათხილამუროსთან ერთად კლიმატურ კურორტადაც ითვლება - ბევრი მას მხოლოდ იმიტომ სტუმრობს, რომ აქაური ჰაერით ისუნთქოს. ბაკურიანი გარშემორტყმულია ხშირი ნაძვნარ-წიფლნარი ტყით, რომელიც ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატს. ჰაერი მდიდარია ოზონით, რაც დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე და ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

კარგი იქნება, თუ წინასწარ დაგეგმავთ რომელ დაწესებულებებს ეწვევით ლანჩისა თუ სადილისთვის. კურორტზე ყოველწლიურად სულ უფრო მეტი რესტორანი და კაფე-ბარი ფუნქციონირებს, მაგრამ რაოდენობის მატებასთან ერთად იმატებს დაბალხარისხიანი დაწესებულებების რიცხვიც, ე.წ. “ტურისტული მახეები”. გაეცანით სხვა დამსვენებლების რეკომენდაციებს და, იდეალურ შემთხვევაში, წინასწარ დაჯავშნეთ თქვენი ვიზიტები - საუკეთესო ადგილები პიკ სეზონზე ხშირად გადავსებულია.

არ დაგავიწყდეთ, რომ კურორტი ბორჯომის მახლობლად მდებარეობს. თუ დრო გექნებათ, აუცილებლად ესტუმრეთ ქალაქს რამდენიმე საათით და ბორჯომის ცენტრალურ პარკში გაისეირნეთ. ადრე ბაკურიანისკენ ბორჯომისკენ წასვლა პატარა რკინიგზით - ცნობილი „კუკუშკით“ - იყო შესაძლებელი, თუმცა ამჟამად ის არ ფუნქციონირებს. გახსნის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენე - “კუკუშკის” 37-კილომეტრიან მონაკვეთი ბორჯომისწყლის ულამაზეს ხეობაში გადის. 

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სამთო კურორტზე უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების წესების დაცვა. ყოველთვის გაეცანით ამინდის პროგნოზს, კარგად შეამოწმეთ აღჭურვილობა და დაიცავით სათხილამურო ტრასების უსაფრთხოების წესები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა